საზოგადოება
რუსეთი მტერია-საქართველოს მოსახლეობის 84%

კომპანია „ეისითიმ“ მოსახლეობის კვლევა ჩაატარა. მათი ინფორმაციით, გამოკითხული მოსახლეობის 84% პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია.

„მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 84% პირდაპირ ამბობს, რომ „რუსეთი მტერია“. მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება.“,-ვკითხულობთ კომპანია „ეისითის“ ვებგვერდზე.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 91% უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულად აფასებს.

 

„კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, ყოველი მესამე გამოკითხული კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც (31%).

3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს (63%). 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი (20%). არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება (5%).

10-დან 9 გამოკითხული გულშემატკივრობს უკრაინას და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%). რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას - 1%-ს.“,-ნათქვამია „ეისითის“ სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 96% მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება. კომპანიის განმარტებით, „კვლევის მიხედვით შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემისას რესპონდენტები გულისხმობდნენ ქვეყანაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, თუ სხვა ტიპის გავლენას, თუმცა ფაქტია, რომ მათთვის ეს ომი არ მიდის სადღაც სხვაგან და განყენებულად.“

 

თუკი გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ , რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ საქართველოს „ჯერი დადგება“, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგს დადებს უკრაინასთან ომში.

ცნობისთვის, „ეისითიმ“ სატელეფონო კვლევა 4-6 მარტს ჩაატარა. კომპანიის თქმით, გამოკითხვამ 809 რესპონდენტი მოიცვა.

| Print |
FaceBook Twitter Google