საზოგადოება
„ალტ-ინფოს“ ძალადობრივ ქმედებებს გურჯაანში პოლიტიკური პარტიები აფასებენ
პრო-რუსული ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფო ჟურნალიტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებს.
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში speqtri.ge-ს მიმართ არ წყდება მუქარის შემცველი კომენტარები. გვეუბნებიან, რომ ღალატის მუხლით გაგვასამართლებენ და ოფისსაც დაგვატოვებინებენ, მიზეზი კი ისაა, რატომ ვინტერესდებით მათთან დაკავშირებული თემებით. გუშინ, ზუგდიდში,მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ალტ-ინფოს ოფისთან თავს დაესხნენ.

სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ალტ-ინფოს ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვის გამო, "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს და დაემუქრნენ. მუქარა შეიცავდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და რელიგიური შუღლის გაღვივების ნიშნებს.

რას ფიქრობენ დესტრუქციული ძალის ქმედებებზე? - შეფასება გურჯაანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვთხოვეთ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრისა და საკრებულოს დეპუტატის, სიმონ ქოჩორაშვილის განცხადებით, მათ ქმედებებს სამართებრივი შეფასება უნდა მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევში, დაპირისპირება გარდაუვალია.

"ამას ხელს უწყობს ხელისუფლება, მეორე აზრი არ არსებობს. მათი დაფინანსება საიდან მოდის, ესეც საინტერესოა, ამასაც უნდა მიადევნოს თვალი ხელისიფლებამ. რუსული მიმდევრობის ძალაა ალტ-ინფო და გასაგებია აგრესია და მუქარა. თუ მმართველი გუნდი არა, მაშინ ქართველი ერი გასცემს პასუხს. ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რომ დაპირისპირება ავირიდოთ. როგორც სხვა პარტიები იცავენ კონსტიტუციას, ნება იბოძოს ალტ-ინფომ და ასევე მოიქცეს. მთელმა მსოფლიომ დაუწესა სანქციები რუსეთს და არ შეიძლება მათი პროპაგანდა შემოვიტანოთ ქვეყანაში. თქვენ, ჟურნალისტები ხართ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებამდე მიგაქვთ ინფორმაცია. როდესაც ქვეყანაში თავისუფალი მედიაა, ეს იწვევს ავტოკრატებისა და დიქტატორების გაღიზიანებას, ვისაც თავისი მგლური სახის დამალვა უნდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე დაუფარავი მუქარა და შანტაჟი რუსული ხელწერაა, რომელსაც ხელიუფლება ახალისებს.

„ეს დაჯგუფება ღიად პრო რუსული, მეტიც, ღიად პრო პუტინისტური მოძრაობაა. იმ დროს, როდესაც ცივილიზებული სამყარო, რუსეთის იზოლაციით, სანქციებით და უკრაინის მხარდაჭერით ცდილობს, სისხლისმღვრელი ომი შეაჩეროს, საქართველოში ღიად მიდის აგრესორის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მხარდაჭერის გამოხატვა. მე არ ვარ ვინმეს აკრძალვის, გაქრობის და განადგურების მომხრე, თითოეულმა გურჯაანელმა კარგად უნდა გაიაზროს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ამ დაჯგუფების მხრიდან ღია ძალადობა, მათ შორის ჟურნალისტებზე დაუფარავი მუქარა და შანტაჟი, არის რუსული ხელწერა, რომელსაც ახალისებს საქართველოს ხელისუფლება. ღრმად ვარ დარწმუნებული, სიბნელე მარცხდება უკრაინაში და მასთან ერთად დამარცხდება ყველა ის მანკიერი მიმდინარეობა, რომელიც აფერხებს და ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებს".

ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლას გმობენ მმართველ პარტიაშიც. გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ხაზიური ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას კი დემაგოგიას უწოდებს.

"მმართველ პარტიას არაფერი აქვს საერთო ალტ-ინფოსთან, არც კი ვიცი, ვინ არიან. ვინც ჩვენ მათ წახალისებას გვაბრალებს, ჩვეულებრივი დემაგოგია. "ქართული ოცნება" მოქმედებს კანონისა და დემოკრატიის პრინციპების სრული დაცვით, ნებისმიერი მუქარა და ძალადობა, აბსოლუტურად მიუღებელია,".

ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს სამოქალაქო სექტორი.

"გუშინ ჩვენი ორგანიზაცია გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას მიმართ „კონსერვატიული მოძრაობის"(ალტ-ინფო) მიერ განხორციელებულ მუქარის ფაქტს. ოფისზე უკრაინის და ევროკავშირის დროშების დახატვის გამო, ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა აქცია მოუწყეს. "სამართლიანმა არჩევნებმა" მკაცრად დაგმო ბაირამოვაზე განხორციელებული მუქარა. რა სისწრაფითაც იზრდება მათი ოფისების რაოდენობა, ვხედავთ, რომ ასეთი ქმედებებიც იმატებს. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიოს და აღკვეთოს ყველა საფრთხე. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ნებისმიერი ქმედება, მუქარა, ძალადობა, დაპირისპირება, ნებისმიერი დესტრუქციული საქციელი აუცილებლად იქნება დასჯადი. რეაგირება უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში გამოხატულ მუქარაზეც. ესენი არიან ფსიქოლოგიური მოძალადეები, ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ, მაგრამ არსებობს ძალა, რომელიც ამას არ დაუშვებს,"- განაცხადა speqtri.ge-სთან „სამართლიანი არჩევნების“ კახეთის კოორდინატორმა ნანა დევიძემ.

თუკი , ჩვენი ორგანიზაციის Speqtri.ge -ს მიმართ არ შეწყდება მუქარა, რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს მივმართავთ.

| Print |
FaceBook Twitter Google