საზოგადოება
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე ერთობლივად დააწესეს.

მედიაგამოცემა speqtri.ge-ს დამფუძნებელი, მაია ყალაბეგაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტად ყოფნა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

-"ყველა ჟურნალისტს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, პროფესიული წარმატებები, აუდიტორიის სიმრავლე და მშვიდობა ვუსურვო.
ჟურნალისტიკა ერთ-ერთი რთული პროფესიაა და თავისთავად კარგ ჟურნალისტად ყოფნაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მიუკერძოებელი, ობიექტური, დაბალანსებული და სანდო მასალების კეთებას სერიოზული შრომა და გამბედაობა სჭირდება. ხშირად გვიწევს ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური დაპირისპირების რეჟიმში მუშაობა.

ტექნოლოგიების განვითარებას და სოციალური ქსელების პოპულარიზაციას მრავალი გამოწვევაც მოჰყვება, ჟურნალისტის კონკურენტი გახდა, ყველა აქტიური მოქალაქე, ბლოგერი, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი ნიშა ჰქონდეს მედიასაშუალებას და ამ სტრატეგიის ნაწილი იყოს ჟურნალისტიც.

ქართულმა ჟურნალისტიკამ საბჭოთა პერიოდიდან დღემდე განვითარების გრძელი გზა გაიარა და საკმაოდ მაღალ სტანდარტსაც მიაღწია, თუმცა ბოლო პერიოდში, აშკარად შეინიშნება, რომ მედია პოლარიზებულია და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ ექცევა. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ პილიტიკური ძალა არ აირჩიოს და ჟურნალისტიკის მთავარი პრინციპი- მიუკერძოებლობა არ დაარღვიოს".


| Print |
FaceBook Twitter Google