საზოგადოება
"საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე"
29 მარტს, სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანში" გაიმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება დღეს "საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე".
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდება.

ეს დღე ყოველ წელს სხვადასხვა პრიორიტეტული თემის გაცნობით აღინიშნება. წელს იგი საზოგადოების ჩართულობას ეძღვნება, რადგან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის შეფასებით, საზოგადოების როლი და პოზიტიური გავლენა  თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის გადამწყვეტია.

გააძლიერე ჩართულობა - შეცვალე ჩვევა ! - ამ სლოგანით გაერთიანებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე. 

„გვახსოვდეს, რომ თითო მოქალაქის ჩვევა ქმნის საზოგადოების ქმედებას.

სამოქალაქო სექტორის აქტიური ნაწილისა და მედიის ერთობლივი ქმედებებითა და ძალისხმევით შესაძლებელია მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა თითოეულ ადამიანზე და შევცვალოთ მავნე ჩვევა, ეს უზრუნველყოფს ჯანსაღ გარემოს და მომავალი თაობების სწორ დამოკიდებულებას თამბაქოს მოხმარების მიმართ. ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევქმნათ საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე.“ - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.


ცნობისთვის, 2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდა კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, საგადასახადო და ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსები). შედეგად საქართველო მოწინავე ქვეყანა გახდა რეგიონში თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება ეფექტურად მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბოლოს კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც კრძალავს მოწევას ტაქსებში, გემსა და სხვა სანაოსნო საშუალების დახურულ სივრცეში, რომელიც გამოიყენება ადამიანების გადასაყვანად შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ; ასევე, კერძო ავტომობილებში მასში არასრულწლოვანის ყოფნისას. ამავე ცვლილებებით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები, რაც უკავშირდებოდა თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის ყოვლისმომცველი აკრძალვის აღსრულების საკითხებს სავაჭრო ობიექტებში, ელექტრონულ მედიაში და სხვა. ასევე, არსებული საჭიროების შესაბამისად, გამკაცრდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევაზე თამბაქოს კონტროლის კუთხით.




| Print |
FaceBook Twitter Google