საზოგადოება
გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეან-გინეკოლოგი გულიკო ნასარიძე
თითქმის ორწლიანი ავადმყოფობის შემდეგ, 6 აპრილს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეან-გინეკოლოგი გულიკო ნასარიძე.

ის მეან-გინეკოლოგად 1976 წლიდან მუშაობდა. გულიკო ნასარიძეს მრავალწლიანი ენერგიული და თავდაუზოგავი სამსახურის შემდეგ, 2019 წელს, გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის თანამშრომლებმა საპატიო  გაცილება მოუწყვეს.

მისი კოლეგა, მეან-გინეკოლოგი ნაზი გვენეტაძე speqtri.ge-სთან ამბობს, რომ გულიკო ნასარიძე იყო იდიალური დედა, მეუღლე, კოლეგა და მეგობარი.

"ბევრი ღამეები უთენებია და უამრავი ახალშობილი დაბადებულა მის ხელში. ის იყო სათნო, კეთილი, გულისხმიერი, ღვაწლმოსილი... თუკი რამ ლამაზი სიტყვა შეიძლება შეეფერებოდეს ადამიანს, ყველაფერი შეიძლება ითქვას გულიკოზე.

მთელი კოლექტივი ღრმა მწუხარებას განიცდის მისი გარდაცვალების გამო. ის გურჯაანში იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ დარწმუნებული ვარ, ყველას გული დაეწვება."

გულიკო ნასარიძეს ხვალ დაკრძალავენ, მას თბილისის, სამების საკათედრო ტაძრიდან 13:00 საათზე გამოასვენებენ.

საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს გულიკო ნასარიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და კოლეგებს.

| Print |
FaceBook Twitter Google