საზოგადოება
როდის აღდგება დაზიანებული ხიდი, რომელიც იორმუღანლოს ქართულ სოფლებთან აკავშირებს
მდინარე იორზე არსებული ხიდი, რომელიც აზერბაიჯანულ და ქართულ სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს, დაზიანებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდი 60-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რესტავრაცია არ ჩატარებია.
იორმუღანლოს თემში მცხოვრები კაზანფარ მამედოვი გვეუბნება, რომ ეს მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ყოველ წუთს არის იმის საფრთხე, რომ ვინმე ჩავარდეს.

„ხიდზე ფილები ისეა დაშორებული, ადამიანს იქ გავლის შეეშინდება. ყოველდღე ველოდებით, რომ ვინმე ჩავარდება. ზედაპირულად, რაც პრობლემად გვეჩვენება, შეიძლება ხვალ და ზეგ ჩვენც მოვაგვაროთ, მაგრამ საყრდენებზე რა ხდება, ეს არ ვიცით. ამიტომ ხელს არავინ ჰკიდებს. ვთქვათ, ზემოდან გალამაზდეს, ძირი რომ გამოთხრილი იყოს და დაინგრას, ამაზე ვინ აგებს პასუხს?! აქედან გამომდინარე, ვტოვებთ ასე. ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, ხიდი ნამდვილად ავარიულია თუ არა. აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარება. როგორც ვიცი, ხიდი, დაახლოებით 1965 წელს აშენდა. მაშინ გათვლილი იყო მსუბუქ მანქანებზე, მაგრამ ეხლა მძიმეწონიანი მანქანებიც მოძრაობენ და ამან დააზიანა. მთელ თემს აწუხებს ეს პრობლემა და აუცილებლად უნდა გადაიჭრას.“

კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი, ჰუსეინ ჰუსეინოვი ამბობს, რომ ხიდს განსაკუთრებით დიდი დატვირთვა აქვს, ბაზრობის დღეებში, როდესაც იორმუღანლოში მოვაჭრეები არამარტო კახეთიდან, სხვა რეგიონებიდანაც კი ჩადიან.

„ხიდს, განსაკუთრებით ბაზრობის დღეებში აქვს დიდი დატვირთვა. დაზიანებული ხიდი როგორ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, არავინ იცის. იმედია, ისეთ დროს არ ჩაინგრევა, რომ ვინმე დაშავდეს. დაზიანებები იზრდება და ყველა ხედავს, რომ არანაირ სტანდარტებს აღარ შეესაბამება. სოფლიდან დიდი მანქანებით გადაჰყავთ ცხვარი, ასეთი მძიმწონიანი ტრანსპორტის გავლისას, ხიდს უარესი დატვირთვა აქვს. აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა, თუ რა დონის შეკეთებას საჭიროებს.“

ჰუსეინ ჰუსეინოვი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც იციან, თუმცა, პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში ამ დრომდე ვერ მოხვდა.

„რამდენადაც მახსოვს, შარშან მუნიციპალიტეტის საიტზე იყო გამოკითხვა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ამ ჩამონათვალში იყო ჩვენი ხიდის რეაბილიტაციაც. მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ამ საკითხის მოგვარებას. სხვებსაც ვუთხარი ამის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენს მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, ამიტომ ხიდის თემა ყველაზე ბოლო ადგილზე იყო. ვფიქრობ, ასეთი საჭირო ინფორმაცია ჩვენს ენაზეც უნდა გავრცელდეს, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა უფრო მეტ თანასოფლელს ჰქონდეს. თემში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს ერთ-ერთი უპირველესია, რადგან ხიდი არის სოფელში ერთადერთი შემოსასვლელი გზა, ამიტომ მისი გაკეთება საჩქაროა. რომ ჩაინგრეს, ჩვენი მოსახლეობა, ფაქტობრივად, დაკარგავს კავშირს მუნიციპალიტეტთან და ზოგადად ქართულ სოფლებთან.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჩართულია, რომ მოახდინოს იორმუღანლოს თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დაეხმაროს ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის მერიასთან კომუნიკაციაში.

„ხიდი, რომელიც ვნახე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვინდა, ურთიერთთანამშრომლობით, კარგი აქტივისტების ჩართულობით, დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ ერთი კონკრეტული პრობლემა მაინც მოაგვარონ. ვნახოთ რა გამოგვივა.“ - ამბობს კახეთის ოფისის კოორდინატორი ანა პაჭიკაშვილი.

იმის გასარკვევად, თუ რა გეგმები აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბექა ფეიქრიშვილს მივმართეთ. მისი განმარტებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია და შესაბამისი ზომებიც მიიღეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. როდესაც დასრულდება ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ამის შემდეგ სამუშაოებზე გამოვაცხადებთ ტენდერს. პროექტი ხიდის რეაბილიტაციასთან ერთად, ექსპერტიზასაც მოიცავს. დასკვნის საფუძველზე უკვე სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი. რა თანხა იქნება საჭირო, ჯერჯერობით არ ვიცით, მიმდინარეობს მოცულობების დაზუსტება და დეტალური ინფორმაცია, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. “

მისივე განმარტებით, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, სავარაუდოდ, თვენახევარში დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google