საზოგადოება
ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია - დაზიანებული შენობის თანამესაკუთრის მიმართვა გურჯაანის მერიას
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე ძლიერი წვიმის შემდგომ დაზიანებულ შენობასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, რამაზი ქიტიაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მერია ამ შენობის თანამესაკუთრეა.

„ეს შენობა არის თანასაკუთრება-ნაწილი არის კერძო მესაკუთრეების, ნაწილი კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის.

2020 წელს სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაციაზე ექვსი ათას ლარამდე დაიხარჯა. მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული დაზიანებული ნაწილის შეკეთება.

გუშინ ჩვენი სამსახურის სპეციალისტები ადგილზე იყვნენ, თუმცა გასარკვევია ის, წყალი ჩასულია კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილიდან, თუ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან.

ხვალ თუნუქის ხელოსნებთან ერთად გვაქვს კიდევ ერთი ვიზიტი. ავალთ, შევისწავლით და შემდეგ დავგეგმავთ მომავალ სამუშაოებს.

თუ კერძო საკუთრებაა რემონტისა და აღდგენის ტვირთი ეკისრება კერძო მესაკუთრეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების ნაწილშია დაზიანებული, შესაბამისად - ჩვენ გადავხურავთ.“

აღნიშნულ შენობაში განთავსებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისიც. ორგანიზაციის კოორდინატორი, იურისტი ლია ხუროშვილი ამბობს, რომ შენობის მეორე სართული სრულად ეკუთვნის მერიას და შენობაც მათ ბალანსზეა.

„როდესაც პირველად წყალმა ჩამოჟონა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ჩვენი კედელიც მთლიანად დასველდა. მაშინვე დავიწყეთ დავა და ოფიციალურად მივმართეთ მერიას. აღმოჩნდა, რომ შენობა მათ ბალანსზეა.

ამის შემდეგ, მერიამ შეადგინა ხარჯთაღრიცხვა, გამოაცხადა ტენდერი და ნაწილობრივ შეაკეთეს სახურავი. ამ ყველაფერს 6 თვე მოანდომეს.

წელიწად-ნახევარიც არ გასულა, რომ სისველე კვლავ შევნიშნეთ. მაშინ არაფერი მითქვამს. შემდეგ შევნიშნე, რომ წყალი მეტად ჩამოდიოდა, ვიკითხე კიდეც, სხვასაც ხომ არ ჰქონდა ეს პრობლემა. კედლები ყველგან ოდნავ იყო დასველებული და ვიფიქრეთ, რომ ფასადების რეაბილიტაციისას ე.წ. ჟოლობები რომ მოხსნენს, ამის ბრალი იყო და პრობლემა მალე მოგვარდებოდა.“

ამ ეტაპზე დაზიანებულია შენობის მეორე და მესამე სართულზე არსებული ოთახები, მათ შორის, მერიის საკუთრებაში მყოფი საჭადრაკო სკოლის ოთახიც. მეორე სართული მთლიანად მერიის საკუთრებაა, მესამე სართულზე კი ერთი ოთახი ეკუთვნის.

იქიდან გამომდინარე, რომ შენობის სახურავი კერძო საკუთრებაში არავის აქვს დარეგისტრირებული, არის საერთო თანასაკუთრება.

დამიზიანდა ტექნიკა და დავზარალდი-ერთი ლეპტოპი და პრინტერი გამიფუჭდა, დაზიანებულია მაგიდები. ამის გამო დიდხანს ვერ ვიმუშავებთ. თუ ზარალს არავინ ამინაზღაურებს, სახურავი მაინც უნდა შეაკეთოს მერიამ. ფასადების გაკეთებას, ალბათ ჯობდა სახურავი შეეკეთებინათ,“ - აცხადებს speqtri.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი.

მისივე თქმით, ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია, რადგან მაისის თვე წინ არის და მუდმივად წვიმებია მოსალოდნელი, რაც მათ კიდევ უფრო დააზარალებთ.


| Print |
FaceBook Twitter Google