საზოგადოება
გურჯაანში 9 მაისი აღინიშნა [video]
დღეს გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალზე არსებული "მარადისობის კედელი" და "უცნობი ჯარისკაცის საფლავი".

დიდების მემორიალზე სიმბოლურად აინთო ცეცხლი, გამოიფინა ცნობილი ფილმის, „ჯარისკაცის მამის“ სცენები და ყვავილებით შეიმკო „მარადისობის კედელი“. ცერემონიალის ფონზე ისმოდა საქართველოს ჰიმნი.

დავით სონღულაშვილის თქმით, დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ უკეთესი მსოფლიოსთვის და გაიმარჯვეს ბოროტებაზე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ფაქტობრივად, ეს არის ბოროტზე გამარჯვების, სიკეთის გამარჯვების დღე და შესაბამისად, ეს დღე უნდა აღნიშნოს მსოფლიომ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ არ დაგვავიწყდეს მნიშვნელობა იმისა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის დღე, როდესაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ უკეთესი სამყაროსთვის, უკეთესი მსოფლიოსთვის და გაიმარჯვეს ფაშიზმსა და ბოროტებაზე.

ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ დღევანდელი დღე და მივაგოთ გარდაცვლილებს პატივი, ვინც ცოცხლები არიან აუცილებლად ქედი უნდა მოვიხაროთ მათ წინაშე, რადგან დღევანდელი მსოფლიო შექმნეს და აქამდე მოიტანეს,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გურჯაანის მერის, ზურაბ უტიაშვილის თქმით, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე უმნიშვნელოვანესია მთელი მსოფლიოსთვის.

„დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეს ყველას უნდა ახსოვდეს, რათა არ განმეორდეს ფაშიზმი და არ მოხდეს ის საშინელებები, რომლებიც ფაშიზმის დროს ხორციელდებოდა. ეს არის გასათვალისწინებელი არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხებისთვის. კარგი იქნება, რომ ახსოვდეთ, სჯეროდეთ და ამ დღის მიხედვით ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ ოკუპანტი, ფაშისტი ყოველთვის დამარცხებული იქნება და ვერასოდეს გაიმარჯვებს თავისუფალ ერებზე,“ - ამბობს ზურაბ უტიაშვილი.

ცნობისთვის, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში დარჩენილია ერთი ვეტერანი, რომელსაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 500 ლარი გადასცა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 1000 ლარს გადასცემს, დაღუპულთა ოჯახებს კი- 500 ლარს.

| Print |
FaceBook Twitter Google