საზოგადოება
ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა - გიორგი გაბუნია გვარამიას საქმეზე
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში, რის გამოც მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა და 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, „მთავარი არხის“ საგანგებო ეთერში გიორგი გაბუნიამ ისაუბრა.
მისი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენი სასამართლოსგან.

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს.

ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, იქცა უბრალოდ დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი, არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომელიც, უბრალოდ , შემთხვევით გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე და უბრალოდ, ამიტომ ვართ ერთად.

არც ენა, არც მამული, არც სარწმუნოება, სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენი ერისა და ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ არ გვაქვს არც მამული - უკვე დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა; არ გვაქვს არც ენა იმიტომ, რომ წერა-კითხვაც კი აღარ ვიცით წესიერად ან, თუ ვიცით, ვიყენებთ ამას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასახლეჩად და ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად და სარწმუნოებაც, სამწუხაროდ, ფარსად იქცა, განსაკუთრებით ბოლო წლებში,“-ამბობს გიორგი გაბუნია.

გაბუნიას განცხადებით, მთავარი არხი აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, რადგანაც ნიკა გვარამია იქცა „ თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ“.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ახლა კიდევ ერთი დამატებითი, ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის, როგორც ყოველთვის.

არა მარტო ნიკას თავისუფლებისთვის, ამჯერად სახელმწიფომ ასე ქნა, ასე მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“ და ნიკა გვარამია გახადა სწორედ ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ. არა ერთადერთად, სამწუხაროდ, რამდენჯერ მიწევს ამის თქმა, სამწუხაროდ, ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფლების სიმბოლო, რომელთან ერთადაც, ჩვენ ამდენი წელი გავატარეთ, სწორედ, ამ ყველაზე ძვირფასი მონაპოვარისთვის, ბრძოლისთვის, თავისუფლებას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“ ნიკა გვარამიას ბოლო წლების მთავარი ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. არა იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ნიკა იქნება ჩვენთან ერთად თუ არა, პირიქით, სწორედ ნიკას დამსახურებაა, როგორც მენეჯერის, რომ არხი, ჩვენი ორგანიზაცია ისეა აწყობილი, რომ ყველას, ყველას ჩვენ შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა.

ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამაზე ნიკამაც ისაუბრა თვითონ, ეს არის მხოლოდ ფინანსური პრობლემა და ესეც მოდის ისევ ჩვენი ქვეყნის პრობლემიდან იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნას აღარ აქვს, აღარც ეკონომიკა, აღარ აქვს არანაირი დოვლათი და პლუს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოხრჩობას წლების განმავლობაში ცდილობენ, სწორედ ფინანსური პრობლემებით, მაგრამ ჩვენ ამასაც გადავლახავთ, ბრძოლა გრძელდება იმისათვის, რომ საქართველო იქცეს ისევ სახელმწიფოდ, როგორც ოდესღაც იყო- თავისუფალ, დამოუკიდებელ, მედგარ, თამამ, არა მშიშარა და საამაყო, სანიმუშო სახელმწიფოდ, როგორიც ჩვენ ოდესღაც ვიყავით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის,“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის“ საგანგებო ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალდება ჯერ კიდევ 2019 წლის 9 აგვისტოს წარედგინა.
„მთავარი არხის“ დირექტორს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაედო.
| Print |
FaceBook Twitter Google