საზოგადოება
შესაძლოა ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზარდოს
შესაძლოა, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზარდოს. ჯარიმის გამკაცრებისა და კონტროლის გაუმჯობესების ინიციატივით თბილისის მერია გამოდის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრება მცენარეების უკანონო მოჭრის შემთხვევების გახშირებით არის განპირობებული.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამსახურს საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი უკვე მომზადებული აქვს და მისი დამტკიცების შემთხვევაში, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში - 1 000-დან 10 000 ლარამდე.

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესის ცვლილებაზეც. უკანონოდ მოჭრილი ნარგავის ადგილას აიკრძალება ნებისმიერი შენობის განთავსება.
„რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი.

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება.
ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და პირებს მშენებლობის უფლება არ მიეცემათ, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება", - ამბობს კახა კალაძე.

კალაძის შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირად, მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, ხდება არასწორი დასკვნის გაცემა .

"ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, - თქვა კახა კალაძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google