საზოგადოება
დაავადებამ სახე იცვალა - ეპიდემიოლოგი მაიმუნის ყვავილზე
მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის გავრცელებამ საზოგადოებაში ახალი შიშები გამოიწვია და უამრავი შეკითხვა გააჩინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Speqtri.ge-სთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი, მარიამ კაპანაძე საუბრობს.

მისი თქმით, ეს ვირუსი ახალი არ არის, ადრეც არსებობდა მთელ მსოფლიოში და მას ყვავილის სახელით ვიცნობთ. ყველაზე მეტად დაავადების კერები აფრიკაში იყო გავრცელებული.

„ დღესაც არიან, ასაკით უფროსი, 70 წლის ზემოთ ადამიანები, რომელთაც სახეზე ამ დაავადების გადატანის ნიშნები აქვთ. ზუსტად ეს არის ყვავილის შედეგი.

აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოშიც ტარდებოდა მასიური აცრები, რამაც განაპირობა ის, რომ შეიქმნა იმუნური ფენა, რის გამოც დაავადება აღარ არსებობდა ჩვენს და არც საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში.

სამოცი წლის ზემოთ ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე ჩატარებული აქვთ შესაბამისი ვაქცინაცია, ან უკვე გადატანილი აქვთ აღნიშნული დაავადება, აღარ დაინფიცირდებიან ყვავილით,“ - გვეუბნება მარიამ კაპანაძე.

ეპიდემიოლოგის თქმით, დღეს მსოფლიოში გავრცელდა ე.წ „მაიმუნის ყვავილი“, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მაიმუნისგან ადამიანზე გადავიდა, სახე იცვალა და შემდეგ, უკვე ადამიანიდან ადამიანზეც გავრცელდა.

„აქედან გამომდინარე, ვირუსს გადამდებლობა ახასიათებს, თუმცა არა ისეთი, როგორიც კორონავირუსს ან გრიპის ვირუსულ ინფექციას. ყვავილით დაავადებული ადამიანი გადამდებია ხანგრძლივი, ახლო კონტაქტის შემთხვევაში. დაავადება ვლინდება, დაახლოებით, 3-5 დღის შემდეგ და ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, პოლიმორფული გამონაყარი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, „ -განმარტავს Speqtri.ge-სთან საუბარში მარიამ კაპანაძე.

მან ასევე განმარტა, რომ ჩუტყვავილა და ყვავილის დაავადება ადამიანებს ხშირად ერევათ, არადა, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ფორმით, ასევე მიმდინარეობის სირთულით.

„ჩუტყვავილა აბსოლუტურად განსხვავდება ყვავილის დაავადებისგან. ყვავილს მესამე-მეხუთე დღეს ახასიათებს პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც განსხვავდება ჩუტყვავილას გამონაყარისაგან,“ - გვეუბნება მარიამ კაპანაძე.

იგი აქვე აღნიშნავს, რომ მაიმუნის ყვავილის ზუსტი მიმდინარეობა და გართულებები ჯერ არ არის ცნობილი, რადგან საქართველოში არ გვაქვს ამ დაავადების შემთხვევები, თუმცა, ყველა ის მახასიათებლები, რაც ყვავილს ადრე გააჩნდა, შენარჩუნებული იქნება.
ამ ეტაპზე კი მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იმ სიმპტომებს აქვეყნებს, რაც 2022 წლის 15 მარტიდან განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამოვლინდა. ესენია:

  • თავის ტკივილი
  • მაღალი ტემპერატურა (>38.5oC)
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • სხეულისა და კუნთების ტკივილი
  • ზურგის ტკივილი
  • სისუსტე
დაავადება, სიმპტომების გამოვლენიდან გრძელდება 5-დან 21 დღემდე.

WHO-ის განცხადებით, 21 მაისის მონაცემებით, სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 92 შემთხვევა, 28 პაციენტი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


ქვეყანა დადასტურებული შემთხვევები საეჭვო შემთხვევები
ავსტრალია 1-5 -
ბელგია 1-5 1-5
კანადა 1-5 11-20
საფრანგეთი 1-5 1-5
გერმანია 1-5 -
იტალია 1-5 -
ნიდერლანდები 1-5 -
პორტუგალია 21-30 -
ესპანეთი 21-30 6-10
შვედეთი 1-5 -
გაერთიანებული სამეფო 21-30 -
აშშ 1-5 -
სულ 92 28

| Print |
FaceBook Twitter Google