საზოგადოება
მზიურის პარკში 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან, რომელსაც 21  ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით მოქალაქე დაზარალდა, შვიდი წელი გავიდა.  ამ დღის აღსანიშნავად ბავშვთა ქალაქ "მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა.


„ნათელში იყოს 13 ივნისს ყველა გარდაცვლილის სული. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ნაწილობრივ სასიამოვნოა დღევანდელი დღე იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს უკან ხედავთ ბეჰემოთის ქანდაკებას, რომელიც იმ რთულ დილას ქალაქში დინჯად დააბიჯებდა, იმ ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება განთავსებულიყო მზიურის პარკში. ვისურვებდი, რომ ბეგის ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული და ბედნიერება, “- განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. მისი ზომა 3 მეტრი და 30 სანტიმეტრია.

კომპოზიციაში ვხედავთ ბეგის მტრედებთან ერთად, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ.







 

| Print |
FaceBook Twitter Google