საზოგადოება
ტექინსპექტირების დარღვევაზე ჯარიმა იცვლება
პარლამეტში უკვე მზადაა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, ვინც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდება.

2022 წლის მესამე კვარტლიდან ტექისპექტირების გაუვლელობაზე გადასახდელი ჯარიმები სამჯერ და, ზოგ შემთხვევებში, მეტჯერ გაიზრდება.

დღეისათვის, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ჯარიმა 50 ლარია.

კანონის ცვლილების შემდეგ, პირველადი ჯარიმა კვლავ 50 ლარი დარჩება, თუმცა, თუ ავტომფლობელი დაჯარიმებიდან 1 თვის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, მეორე ჯარიმა უკვე სამჯერ მეტი, 150 ლარი იქნება. მესამედ დაჯარიმების შემთხვევაში მას 300 ლარის და მეოთხე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 900 ლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება იურდიულ პირებს, მათთვის ჯარიმები კიდევ უფრო მეტად იზრდება - ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო პირველ ჯერზე 200 ლარით დაჯარიმდება.

ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი აღნიშნული სანქცია 300, 500 და 1500 ლარით განისაზღვრება.


„დღეისათვის ხშირია შემთხვევები, როდესაც ტექინსპექტირებაგაუვლელი ტრანსპორტი ისე გადაადგილდება, მათ შორის, ჭკვიანი კამერებით აღჭურვილ გზებზეც, რომ მისი დაფიქსირება და დაჯარიმება არ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრირება და კონტროლი გამართულად ვერ ხორციელდება“, - აღნიშნავს კავშირის „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი.

შიოლაშვილის თქმით, „იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კამერა აფიქსირებს დარღვევას და იწერება ჯარიმა, ავტომფლობელები ხშირად ისევ 50-ლარიანი ჯარიმის გადახდას არჩევენ ტექინსპექტირების გავლას, რომელიც 60 ლარი ღირს. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მათთვის ეს პრაქტიკა ფინანსურად გამართლებული ვეღარ იქნება, რადგან ჯარიმა სერიოზულ მძიმე ტვირთად დააწვება მათ ბიუჯეტს“.


სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა, საქართველოში 2019 წლიდან ამოქმედდა. რეფორმის პირველი წელი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა 2020 წლიდან მკვეთრად შემცირდა ავტომფლობელების მიერ ტექინსპექტირების გავლის მაჩვენებელი.


| Print |
FaceBook Twitter Google