საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი (სები) მოსახლეობას იმ, ერთი შეხედვით, ხელსაყრელ ფინანსურ შეთავაზებებთან დაკავშირებით აფრთხილებს, რომლებიც რეალურად ე. წ. ფიშინგის ნიშნებს შეიცავენ.

ამასთან დაკავშირებით, სები განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი, ასევე საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას.

„პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.

უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან.

მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას.

მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.“ - აღნიშნულია განცხადებაში.


ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ მათ ცხელ ხაზზე - 2 406 406“.
| Print |
FaceBook Twitter Google