საზოგადოება
უკრაინის მოქალაქეთა დახმარების პროგრამა დასრულდა
დღეს, 1 აგვისტოს, თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთა თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა, ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ჯამში საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემოდა.

მერიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებენ. 4 ივლისის მონაცემებით, 24 თებერვლიდან ქვეყანა 12 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა.
| Print |
FaceBook Twitter Google