საზოგადოება
უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტიდან 34 კახეთში დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტია გამოვლენილი.


ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 151 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 53 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.

სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 600 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა,“ -ვკითხულობთ განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 36 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამცხე- ჯავახეთში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, აჭარაშიც - 24, იმერეთში - 20, შიდა ქართლში - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, გურიაში - 7, ქვემო ქართლში - 6, მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს.

| Print |
FaceBook Twitter Google