საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ლექცია სტუდენტებისთვის თელავის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა
იუსტიციის სამინისტრომ სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის თელავის ისტორიულ მუზეუმში ჩაატარა ლექცია "საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით".

ლექციას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, თამარ ტყეშელაშვილი და ბექა ძამაშვილი უძღვებოდნენ. 

ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები და აბიტურიენტები, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.

ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილეებმა დამსწრეებთან ერთად განიხილეს, რა გამარჯვებებს მიაღწია იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი აუდიტორიას სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორიას მიეცა შესაძლებლობა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ჰქონოდათ პირდაპირი კომუნიკაცია, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და გაეზიარებინათ პირადი აზრი.

მინისტრის მოადგილეების განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება, აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის, სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის, მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

ლექციის ფარგლებში, ყურადღება ასევე გამახვილდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.

მინისტრის მოადგილეების განმარტებით, ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.
| Print |
FaceBook Twitter Google