საზოგადოება
მმართველი პარტია "მთავარ არხს", "ტვ პირველსა" და "ფორმულას" უჩივის
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამ კრიტიკულ ტელევიზიას - „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.

საჩივრის შინაარსს განცხადებაში მოხსენიებული ტელევიზიები ავრცელებენ.

როგორც განცხადებიდან ჩანს, პარტიას მიაჩნია, რომ 24 ივნისის აქციის, "შინ ევროპისკენ" გამართვამდე, ამ არხების ეთერში 23 და 24 ივნისს განთავსებული სარეკლამო ვიდეორგოლი პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.

აქციის, "შინ ევროპისკენ" აღნიშნულ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების ნაწყვეტები. ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის, ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და სხვა განცხადებების ამონარიდები.

"ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება "ქართული ოცნების" და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას. სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს "ქართული ოცნების" იდენტიფიცირებას კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით.

ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას", - წერს საჩივარში ადვოკატი სერგი ჯორბენაძე, რომელსაც პარტიიდან ირაკლი კობახიძის მინდობილობა აქვს ამ დავის წარმოებისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით, საარჩევნო რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნება“ მოითხოვს, კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელეარხის მიმართ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

ცნობილია, რომ საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
| Print |
FaceBook Twitter Google