საზოგადოება
Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ
დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 8 აპრილს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია შპს „ვაიბერ ჯიეის“ ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს „Viber Media Sàrl”-ი.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს “ვაიბერ ჯიეი” აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას შპს “Viber Media Sàrl”-ს გაუწიოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება “Viber”-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით.

კერძოდ, კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.

შპს “ვაიბერ ჯიეის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება.

სამინისტროს განმარტებით, იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, მას უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
| Print |
FaceBook Twitter Google