საზოგადოება
ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას პარლამენტის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა,ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას მხარი არ დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წინადადების ავტორი არ ითხოვდა ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას.

„ქალზე წინ არავინ დამიყენებია ჩემ ცხოვრებაში. ვერასოდეს ვერ შევადრი ქალის დამსახურებას კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველა დედის მოვლენილები ვართ. ბებია ვინ არის? - ბებია არის დედა მაღალ ხარისხში. მოცემული წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილებას, ამიტომ მიუხედავად მისი გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები ყველა დედას, ყველა ბებიას, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ. დედა, ბებია ერთიდაიგივე სახელის ხარისხში აყვანაა უმაღლეს დონეზე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დედას და ბებიას“, - განაცხადა კახაძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google