საზოგადოება
გურჯაანში იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურო გაიხსნა
დღეს, 15 სექტემბერს, ქალაქ გურჯაანში იურიდიული დახმარების სამსახურის გურჯაანის ბიურო გაიხსნა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ბიურო ხელს შეუწყობს უფასო სამართლებრივი დახმარების მეტ ხელმისაწვდომობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კახეთის რეგიონში მოქმედებდა თელავისა და სიღნაღის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროები, ხოლო ახმეტაში, დუისში, ყვარელში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში - საკონსულტაციო ცენტრები.
საკონსულტაციო ცენტრებში მუშაობენ მხოლოდ კონსულტანტები, რომლებიც კონსულტაციას ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გასწევენ, ხოლო სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა ხორციელდება გადახდისუუნარო პირთათვის, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

რაც შეეხება იურიდიული დახმარების ბიუროს, აქ კონსულტანტებთან ერთად დასაქმებულნი არიან ადვოკატები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით, რომლებიც ბენეფიციარებს გაუწევენ საადვოკატო წარმომადგენლობას სასამართლოებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეს, 11:00 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის გურჯაანის ბიუროს გახსნის ღონისძიების შემდეგ გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.

რაჟდენ კუპრაშვილმა სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციით მოსახლეობისთვის სამსახურის სერვისები, მანდატი, შშმ პირთა, ბავშვთა უფლებებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები განიხილა. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე მიეღოთ იურიდიული კონსულტაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google