საზოგადოება
შევაჩეროთ ქალთა მიმართ ძალადობა - 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღით იწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული16-დღიანი კამპანია და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება.


კამპანიას უერთდება საქართველოს მთავრობა, რომელიც მათივე განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პრობლემის წინააღმდეგ კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას.

უწყების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„ეროვნული სტრატეგია, სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ცალკე მდგომი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა.
სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას.“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს.
საქართველო ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და აქცენტს აკეთებს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე.



| Print |
FaceBook Twitter Google