საზოგადოება
მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება რჩება - კახა ბექაური
2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიმონიტორინგი, რომელმაც აჩვენა, რომ მედია პლურალისტური, მრავალფეროვანია, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული , -ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას უსაუბრა.


ბექაურის განცხადებით, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, 2020 წლის მსგავსად, მედიის მთავარი გამოწვევა სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება იყო.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების ნაწილის მოგვარება 2022 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ევროდირექტივის მოთხოვნის შესაბამისად შესული ცვლილებებით დაიწყო.

"კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, მოხდა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემების და რეკლამების რეგულირება. ასევე, კანონით განისაზღვრა პასუხის გაცემის უფლება და პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტი გავრცელდა, მიეცემა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მაუწყებლებს მიეცათ 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რათა თავისი საქმიანობა კანონის მოთხოვნებათნ შესაბამისობაში მოიყვანონ.

კვლავ პრობლემად და მედიის მთავარ გამოწვევად რჩება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისია ფიქრობს, რომ საჭიროა ფართო დისკუსია, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოიფხვრას," - განაცხადა კახი ბექაურმა.







| Print |
FaceBook Twitter Google