საზოგადოება
პარლამენტში „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს
„ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დააინიცირეს.
მათივე განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევა შეიძლება იყოს მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღება და მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენები.

როგორც ანა ნაცვლიშვილი პირად ფეისბუქ პოსტში წერს, კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად - 1000 და 5000 ლარით.

„პირობა შესრულებულია!
დღეს მე და ჩემმა კოლეგა არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში დავაინიცირეთ კანონპოექტი პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ.
კანონპროექტი ითვალისწინეს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის, გამოყენების აკრძალვას; გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად შედეგად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად - 1000 და 5000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით,“ -წერს ანა ნაცვლიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე და იქვე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტატისტიკას აქვეყნებს.


მისი განმარტებით, 2023 წლის იანვარში ზემოთ აღნიშნულ ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში.

| Print |
FaceBook Twitter Google