საზოგადოება
ტრანსპორტის გამონაბოლქვზე კონტროლი დაიწყება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელის, ტარიელ ირემაძის ინფორმაციით, ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება.
მისივე განმარტებით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით.


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას.
კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები, პირველ ეტაპზე საქართველოს 4 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი) საპილოტე რეჟიმში განახორციელებენ გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმებას.
სპეციალური ხელსაწყოებით გაზომვის შემდეგ, თუ დადგინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავდაპირველად სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება.

რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
ამასთან, შემოწმებას გაივლის ის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც გზაზე მოძრაობს და ხილული გამონაბოლქვი არ გააჩნია. ჩვენს ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნება.

თუ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ადგილზე დაუდგინდება მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და ავტომობილის მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას უფლება აქვს ავტომობილის გადაყვანა მოითხოვოს უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში. ტექინსპექტირების ცენტრში ახლიდან გადის ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას, ოღონდ არამარტო გამონაბოლქვზე. თუ დადასტურდება ჩვენს მიერ წარდგენილი შედეგები, შედგენილი ოქმი ძალაში რჩება. თუ არ დადასტურდა და სხვა შედეგი იქნება, ჯარიმის ანულირება მოხდება. ამ შემთხვევაში, ტექინსპექტირების საფასურის გადახდა არ ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ, ეს არეალი გაიზრდება. კონტროლი მკაცრი იქნება, ამასთან, მაქსიმალურად დაიფარება დიდი წერტილები. საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია, რომ გვყავდეს 10 ეკიპაჟი. შესაძლოა, ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, თუმცა საპილოტე რეჟიმში მივიღებთ იმ მონაცემებს, რომელიც შეფასებისთვის საკმარისი იქნება“,- განაცხადა ტარიელ ირემაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.










| Print |
FaceBook Twitter Google