საზოგადოება
საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - ეთიკის ქარტია

საგარეჯოში მომხდარ ინცინდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა.

„2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს საგარეჯოში თავს დაესხნენ. „მთავარი არხი” წერს, რომ დაზიანებულია კამერა და ქვა მოხვდა ჟურნალისტს. „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ ქვები ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც ესროლეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები.

სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საგარეჯოში პენსიონერებს ხვდებოდნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. როგორც პარტიის წარმომადგნლები speqtri.ge-სთან ამბობენ, ხელჯოხებით შეიარაღებული ჯგუფი ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. რამოდენიმე ადამიანს თავი აქვს გატეხილი და აღენიშნება დაზიანებები.
| Print |
FaceBook Twitter Google