საზოგადოება
მიხარია, რომ ამ დიდ ქორეოგრაფიულ ცეცხლში ჩემი პატარა ნაპერწკალიც არსებობს - თემურ ჯანაშვილი 60 წლისაა
სცენაზე 10 წლის ასაკში ავიდა და როგორც თვითონ გვეუბნება, მას შემდეგ ჩავარდნა არ ჰქონია. სამხედრო სავალდებულო სამსახურშიც კი სცენაზე იდგა. თითქმის სამი ათეული წლის წინ საკუთარი სტუდია დააფუძნა და ცეკვის სიყვარულს დღემდე უნერგავს ბავშვებს. დღეს ის 60 წლის იუბილარია და როდესაც განვლილ გზას იხსენებს, ამბობს, რომ ეს წლები ღირსეულად იცხოვრა.

ანსამბლ „ცერულის“ და ნინო რამიშვილის სახელობის სტუდიის დამფუძნლებელი და ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ასაკი მისთვის არის როგორც გამოცდილების დაგროვების სიმბოლო, ისე მანიშნებელი, რომ ახლოვდება დრო, როდესაც, მოუწევს ამ საქმეს ჩამოშორდეს.

„60 წელი ერთის მხრივ ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება გამოცდილებას იღებ და ბევრ რამეში უფრო გარკვეული ხარ; ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, სიბერეში გიწევს შესვლა. ხვდები, რომ ალბათ, არცთუ ისე შორს არის დრო, როცა მოგიწევს, დაემშვიდობო შენს საქმიანობას, რადგან ეს საქმე მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას და ნერვებს.

უცბად კი ჩაიარა ამ სამოცმა წელმა. თუმცა ძალიან ბევრი ეკლიანი გზა გამოვიარე. მქონდა აღმასვლაც და დაბრკოლებაც. გული მტკივა იმის გამო, რომ მე ჩემი შესაძალებლობების ნახევარიც ვერ გამოვიყენე, რათა გურჯაანისთვის უფრო მეტი გამეკეთებინა. ეს მოხდა, ზოგი ვიღაცების გამო, ზოგი სიტუაციების, ზოგიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შევძელი ჩემი საქმის ღირსეულად კეთება და მიხარია, რომ ამ დიდ ქორეოგრაფიულ ცეცხლში ჩემი პატარა ნაპერწკალიც ნამდვილად არსებობს,“ - ამბობს თემურ ჯანაშვილი.

მიაჩნია, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ჯილდო, რაც კი მიუღია, მაყურებლის სიყვარულია.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ შემოქმედისთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის მაყურებლის აპლოდისმენტები. თუ მაყურებლის თვალში ხარ პოპულარული, შენს შემოქმედებას აფასებს და მოსწონს, მაშინ ბედნიერი კაცი ხარ. ჩვენ ნამდვილად არ გვაკლია მაყურებლის სიყვარული.

ხშირად გასტროლზე მოულოდნელი სიურპრიზებიც კი გვხვდება ხოლმე.

წელს იყო ასეთი შემთხვევა. ჩვენ გვქონდა დაგეგმილი კონცერტები პოლონეთის ორ ქალაქში. მაგრამ იქვე გაჩნდა ჩეხეთიდან შემოთავაზება, რომ იქაც ჩავსულიყავით ფესტივალზე. ჩვენი ანსამბლი უკვე ოთხჯერ იყო ჩეხეთში და იქ კარგად გვიცნობენ. ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომელსაც ჩვენს მასპინძელთან ჰქონდა კონტაქტი, უთქვამს, ვიცნობ ამ ანსამბლს და იქნებ ჩვენს ფესტივალზეც ჩამოვიდნენო. ჩვენმა მასპინძელმა გვთხოვა, თუ წინააღმდეგები არ ხართ, გზის ხარჯებს ჩვენ დაგიფინანსებთ და იქნებ ჩეხეთშიც გადახვიდეთო. ასე მოგვიწია პოლონეთიდან ჩეხეთში გადასვლა. 

შემოქმედებითად, ყველაზე მეტად რაც მიხარია, არის ის, რომ საქართველოში მიღებული გვაქვს ისეთი დიდი პრიზი, როგორიცაა სუხიშვილების პრიზი და დიდი ჯანოს პრიზი. ყველაზე რთულია საქართველოში მიაღწიო წარმატებას და მოიპოვო აღიარება, რადგან აქ ყველამ ყველაფერი იცის და ქართველი მაყურებელი უფრო კრიტიკულია.“

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ღირსეულად მოვიდა, მიაღწია წარმატებას და აღიარებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მაინც თვლის, რომ არის ნაბიჯები, რომელსაც, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, სხვაგვარად გადადგამდა, რაც ბევრად უფრო წაადგებოდა მის საქმიანობას.

„ყოველთვის უფროსებს ვუჯერებდი. როდესაც ხედავდნენ, რომ ჩემს გარშემო ცუდი ამბები ხდებოდა, მეუბნებოდნენ, შენ შენი საქმე აკეთე, ყურადღება არ მიაქციოო, ილაპარაკონ, რაც უნდათო. არადა ასე არ არის, არასწორ საუბრებს, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს უკვე პროპაგანდაა, რაც დღემდე გრძელდება. ამან ბევრი რამე დაწია უკან. მე მანდ დავუშვი შეცდომა, რომ პასუხი არ გავეცი იმ ადამიანებს. ახლა, თავიდან რომ დავიწყო, ნამდვილად არ შევეგუები ანსამბლის მიმართ ცილისწამებას.“

60 წლის ასაკში მომავალსაც სხვაგვარად უყურებს. ზუსტად არ იცის როდის, მაგრამ ამბობს, რომ თაობათა ცვლა მოხდება და თვითონ კულისებში გადაინაცვლეს.

„თანდათან იცვლება მდგომარეობა. მოდიან ახალგაზრდები, მათ შორის ჩემი შვილი, ჩემი აღზრდილი მოსწავლეები და რა თქმა უნდა, მოხდება თაობათა ცვლა. მე ვერ გეტყვით, რომ ამ საქმის გარეშე შევლებ, გამორიცხულია. შეიძლება მოვიდეს დრო და უშუალოდ ბავშვებთან ვეღარ ვიმუშავო, მაგრამ საორგანიზაციო საკითხებში მაინც ვიქნები ჩართული, რაშიც უკვე დიდი გამოცდილება მივიღე. ანსამბლს ალბათ სამხატვრო კუთხით მივცემ კონსულტაციებს და ესენი გააკეთებენ. მჯერა, მომავალში, ახალი თაობა ჩემს დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგძელებს.“

speqtri.ge თემურ ჯანაშვილს ულოცავს 60 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, წარმატებას და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.


| Print |
FaceBook Twitter Google