გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის VI (მეექვსე) საუკუნით დათარიღებულ ძეგლს - შაშიანის
სამებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით,
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
VI საუკუნით დათარიღებული სამეკლესიანი ბაზილიკა შაშიანის სამება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაშიანიდან დაახლოებით 3-4 კმ-ის
მოშორებით, ტყის დაფერდებული რელიეფის მოსწორებულ ადგილზე დგას.
ტაძარს დასავლეთიდან და სამხრეთიდან სხვადასხვა დანიშნულების
სათავსები აქვს მიშენებული. დასავლეთის მხრიდან მთელ სიგრძეზე სამ
მეტრამდე სიგანის ნაგებობაა მიშენებული, რომელიც გეგმის დონეზეა
შემორჩენილი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არის მცირე ზომის
მართკუთხა ფორმის სათავსისა და საწნახლის ნაშთები. საინტერესოა ტაძრის
სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე კრიპტა - საძვალე, რომლის
სახურავი ჩამოქცეულია.
„სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
დაკვეთით 2023 წელს, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან ერთად, ტაძარი
და მისი მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგის მეთვალყურეობით გაიწმინდა
მიწისა და ხე-მცენარეებისგან, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა
სახის სამშენებლო მასალა, რომელიც გადაირჩა, დასაწყობდა და მას
რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენებენ.
ტაძრის მდგომარეობა მძიმეა. ცენტრალური ნავის კამარა მთლიანად
ჩაქცეულია, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი ნავების კედლები დახრილია და
შეინიშნება ბზარები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს
დაგეგმილია ტაძრის სრულად აღდგენა, ასევე - მინაშენებისა და საძვალის
კონსერვაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ტაძრის მთელ პერიმეტრზე
გამყარდება საძირკველი, ამორტიზებული სამხრეთის ნავი კირის დუღაბზე
გადაეწყობა, ჩრდილოეთის ნავი სრულად აღდგება კირის ხსნარით და ამავე
ნავში არსებული სვეტი გასწორდება, ცენტრალური ნავის კამარა და კონქი
კი აღდგება ქართული აგურით, კირის ხსნარით. ტაძრის სამივე ნავზე
მოეწყობა შირიმის ქვის თარო-ლავგარდანი, ფასადსა და ინტერიერს
მოსცილდება გვიანდელი ცემენტის ბათქაში და ღრმა ნაკერები
გასუფთავდება; მთელ ტაძარში დაიგება ქართული აგურის იატაკი და
ნაგებობა გადაიხურება ქართული კრამიტით; ტაძრის მთელ პერიმეტრზე
მოეწყობა სარინელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია
- ა(ა)იპ „ისტორიულ ძგელთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შეასრულებს.
ჩასატარებელი სამუშაოებისთვის სააგენტოს მიერ გამოყოფილია 433 602
ლარი,” -ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები