საზოგადოება
"არ-აშენდა სასტუმრო" დემონტაჟის მოლოდინში...
ქალაქ გურჯაანში მდებარე სასტუმროსა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა ამ დრომდე დაუსრულებელია. სასტუმროს მეპატრონე ზურა ფერიშვილს ხელახალი კონსერვაცია აღარ შეეძლო, მაგრამ არც ახალი მშენებლობის ნებართვა აიღო და არც ნაგებობა დაანგრია. ამიტომ მისი დემონტაჟის უფლება ადგილობრივ ხელმძღვანელობას ჰქონდა. თუმცა, დღეს ამავე სტრუქტურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროცესს სოლიდური თანხა სჭირდება, რის შესაძლებლობაც ბიუჯეტს არ გააჩნია.

20 წელზე მეტია, რაც გურჯაანის ცენტრში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. 2003 წლის 7 მარტს ობიექტი აქციონის წესით ზურაბ ფერიშვილმა შეისყიდა. ამის შესახებ გაზეთი "სპექტრი" 2010 წლის N29 (295)-ში და 2011 წლის N17 (316)-ში წერდა. როგორც გურჯაანის მოსახლეობა ამბობს, შენობა ანტისანიტარიის ბუდეა, ხოლო პირველი სართული ტუალეტად არის ქცეული. ჩვენთან საუბარში ეს ფაქტი ტაქსის მძღოლმაც დაადასტურა, თუმცა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

-"ეს შენობა დიდი ხანია მიტოვებულია. წლების წინ, როდესაც გაიყიდა, მისმა მფლობელმა დარაჯიც დაიქირავა, რომელიც საღამოობით მოდიოდა და ყურადღებას აქცევდა. ეხლა კი პატრონი არავინაა. ტუალეტად არის ქცეული. მარტო ჩვენ კი არ შევდივართ, იქით გაჩერებაზე თუ ვინმე დგას გაჭირვებული, ისიც აქეთ მორბის," _ გვითხრა მან.

ამასვე ადასტურებენ მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლები, რომლებმაც სახელი და გვარის არ გაგვიმხილეს.
-"ეს სასტუმრო კი არა, ცხრასართულიანი ტუალეტია. მანქანებით ზემოდან რომ მოდიან, აჩერებენ, აქ შედიან და მერე ისევ მიდიან. მარტო კი არ აბინძურებენ, ანადგურებენ კიდეც. მაღლა კედლები დაანგრიეს და რკინები წაიღეს. გული ძალიან გვტკივა, ეს შენობა ჩვენ თვალწინ აშენდა. რომ დასრულებულიყო, ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობა იქნებოდა მთელ გურჯაანში, რაც ქალაქის ხედს ნამდვილად დაამშვენებდა. ზაფხულობით ეზოში ვერ ჩამოხვალ, ისეთი საშინელი სუნი გამოდის, ლამის დავიხრჩოთ. ცენტრი ადგილია, მთელი გამგეობა ამ ქუჩაზე დადის, უკვე რამდენი გამგებელი გამოიცვალა და რატომ არც ერთს არ გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ყურადღება მიაქციოს?!" _ გვითხრეს მათ.

როდესაც გაზეთი "სპექტრი" პირველად ამ შენობის ბედით დაინტერესდა, მის მფლობელს ზურაბ ფერიაშვილის ტელეფონით დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენს მიერ დასმულ არც ერთ კითხვას პასუხი არ გასცა და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა:
-"ეს არის ჩემი პირადი კომერციული საიდუმლო."
იმ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ყვირალაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ობიექტს კონსერვაციის ვადა უახლოეს მომავალში ეწურებოდა.
- "შემოდგომისთვის ობიექტის მფლობელი მშენებლობის ნებართვას ხელმეორედ აიღებს, რადგანაც ხელახალი კონსერვაციის უფლება აღარ აქვს. ან ერთხელ კიდევ უნდა აიღოს მშენებლობის ნებართვა, ან მოახდინოს მისი დემონტაჟი. თუ ამასაც არ გააკეთებს, მშენებლობის დემონტაჟს ჩვენ მოვახდენთ და ხარჯებს მფლობელს დააკისრებენ," _ გვითხრა მაშინ გიორგი ყვირალაშვილმა.

ამის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ სასტუმროს ბედი კვლავ უცნობია. "სპექტრი" შეეცადა შენობის მფლობელს ტელეფონით დაკავშირებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მან ნომერი გამოცვალა, ახალი კოორდინატები კი არავისთვისაა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება. მასთან დაკავშირება ვერც გურჯაანის ზედამხედველობის სამსახურმა შეძლო.
- "ზურაბ ფერიშვილი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოში არ იმყოფება. მასთან დაკავშირებას დაახლოებით ერთი წელია ვცდილობთ, მაგრამ უშედეგოდ. სადაც ოფისი ჰქონდა, იმ მისამართზე აღარ არის, ტელეფონიც გამორთული აქვს. წარმოშობით ველისციხელია და მის სოფელშიც დატოვილი გვაქვს ინფორმაცია, რომ გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მოგვაკითხოს, რათა გავარკვიოთ, რას აპირებს მომავალში ამ ობიექტთან დაკავშირებით," _ გვითხრა მან და იქვე დასძინა: "მანამდე ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან მას პირადად უნდა ჩაბარდეს ის სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს. ამხელა შენობის დემონტაჟი ჩვენთვის ასე იოლი არ არის, გამგეობამ უნდა გამოყოს სახსრები და შემდეგ მისი ანაზღაურება მეპატრონეს დაეკისროს. ამ ეტაპზე გამგეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ გამოვიჩინოთ ინიციატივა და ობიექტი დავანგრიოთ. ამით თითონაც ვართ დაინტერესებულები. ვცდილობთ, ამ პიროვნებას დავუკავშირდეთ, ჩამოვიყვანოთ და ყველაფერი კანონის ფარგლებში გადავწვიტოთ," _ გვითხრა მან.

"სპექტრი" ნონეშვილის ქუჩა N11-ში მდებარე მრავალფუნქციური ობიექტის ბედითაც დაინტერესდა, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. როგორც ჩვენთან საუბარში ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ყვირალაშვილმა აღნიშნა, შენობა დაკონსერვებულია. მასთან საუბარშივე გავარკვიეთ, რომ მფლობელები არიან სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ნუკრი ლიპარტაშვილი და სოფელ ველისციხეში მცხოვრები მაია კაკალაშვილი. შევეცადეთ ორივე მათგანს დავკავშირებოდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი პიროვნება საქართველოში არ იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google