საზოგადოება
დავა "გლეხური ბაზრის" ირგვლივ გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კვირა ხმაურით დაიწყო. შპს "გლეხური ბაზრის" ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები გამგებლისგან ბაზრის რეკონსტრუქციაზე ნებართვის გაცემის შეჩერებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნას მოვაჭრეებსა და ბაზრის მფლობელს შორის დაპირისპირება მოჰყვა. გამგებელთან შეხვედრაზე მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს ისინი 1992 წლიდან ფლობენ. კერძო საკუთრებაზე დავა კი თითქმის 12 წელია მიმდინარეობს. მათი თქმით, ქონება ყოფილი გუბერნატორის ბიძინა სონღულაშვილის ოჯახმა უკანონოდ ჩამოართვათ. -"1993 წლიდან ბაზარში მოვაჭრე ვარ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩვენი განცხადების საფუძველზე, ბაზრის ტერიტორიაზე მაღაზიების აშენების ნება დაგვრთო. 2001 წელს, როდესაც მიწის შესახებ კანონი შემოვიდა, მოვაჭრეებმა საკუთრების დასაკანონებლად საჯარო რეესტრს მივაკითხეთ, მაგრამ არ დაგვიმტკიცეს. ბოლოს ამ ბაზრის საკითხი ბიძინა სონღულაშვილის მიერ იყო შეჩერებული. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ოთხმა-ხუთმა კაცმა იყიდა. ერთ-ერთი იყო სონღულაშვილის სიძეEკაკო ლიპარტაშვილიც. იმ დროიდან ვდაობთ, ხან საჯარო რეესტრში, ხან პოლიციაში, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ ახლო არ მიგვიყენა. ამჟამად ახალი ხელისუფლებისგან ვეძებთ სიმართლეს, რადგან ბევრი საბუთია უკანონოდ გაცემული. ვითხოვთ ჩვენი მიწის დაკანონებას," _ განაცხადა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ ზურა ბოღლოციშვილმა. კიდევ ერთი მაღაზიის მფლობელის, თინა აბელაშვილის თქმით, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობამ მათი უფლებები დაარღვია და კანონის გვერდის ავლით იმოქმედა. "სანამ აღნიშნული სადაო მიწის მესაკუთრე შპს "გელხური ბაზარი" გახდებოდა, 20-30 პიროვნებას ეს შენობები უკვე ნაყიდი და დარეგისტრირებული გვქონდა ტექ. ბიუროში, მაშინ საჯარო რეესტრი არ არსებობდა. ხელთ გვაქვს საკუთრების დამადასტურებელი ტექნიკური პასპორტები. ბაზარი 2001 წელს გასხვისდა. ამ ადამიანებს, ვისთანაც მიმდინარეობს ჩვენი დავა, ნაყიდი აქვთ 1420 კვ.მ და ისინი კანონით მხოლოდ ამ მიწის მესაკუთრეები არიან," _ გვითხრა თინა აბელაშვილმა და აქვე დასძინა: -"1997 წელს შევარდნაძის მიერ გამოცემული კანონის თანახმად, მეპატრონეებს, ვისაც საკუთრებასა და სარგებლობაში ჰქონდათ შენობები, მფლობელობაში უფასოდ უნდა გადასცემოდათ ნაგებობების ქვეშ მდებარე მიწა. კანონი იქნა დარღვეული, ეს მიწა გადაეცა `გლეხურ ბაზარს,~ შესაბამისად, დაირღვა ჩვენი უფლებებიც," _ აღნიშნა მან. ინდ. მეწარმეების თქმით, გამგეობა ბაზრის რეკონსტრუქციის მიზნით, მათი შენობების დემონტაჟს აპირებს. სადავო საკითხზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. შესაბამისად, ისინი ჯონი ოსიაშვილს გამოძიების დასრულებამდე გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებას სთხოვენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ჯონი ოსიაშვილის განცხადებით, სანამ სიტუაციაში უკეთ არ გაერკვევა, დემონტაჟის ბრძანების გაცემას არ აპირებს. თუმცა მისი თქმით, ბაზრის რეკონსტრუქცია აუცილებელია, რადგან "გლეხური ბაზარი" ანტისანიტარიის ბუდეა, ამიტომ საჭიროა, მეპატრონეებსა და კომერციული ფართების მფლობელებს შორის სასწრაფოდ შედგეს მოლაპარაკება. -"შევეცადე აღნიშნული პიროვნებები ერთმანეთან დამეკავშირებინა, იქნებ რამეზე შეთანხმებულიყო, მხოლოდ და მხოლოდ რაიონისთვის სასარგებლოდ, რადგან იმ ბაზარში შესვლა და ვაჭრობა არ შეიძლება, ანტისანიტარიაა. არც ერთ ძალოვან უწყებას, ოფიციალურად არ მოუმართავს, რომ გამოძიება მიმდიანრეობს და რაიმე გადაწყვეტილებაზე თავი შევიკავო, მაგრამ ვიდრე ეს საკითხი სადავოა, გადაწყვეტილების მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ," _ განმარტა ჯონი ოსიაშვილმა. შპს "გლეხური ბაზრის" მეპატრონე დავით ლიპარტაშვილის განცხადებით, ბაზრის ტერიტორია მისმა ოჯახმა მესამე პირისგან შეიძინა და მათ დანაშაული არ მიუძღვით. მისივე თქმით, ბაზარში შექმნილი ანტისანიტარიიდან გამომდინარე რეკონსტრუქცია აუცილებელია, თუმცა დემონტაჟი შენობებს არ შეეხება და მხოლოდ დახლების განახლება მოხდება. -"ჩემი ოჯახი არის მესამე პირი, რომელმაც ეს ბაზარი შეიძინა. რაც შეეხება რეკონსტრუქციას და ბაზრის "რემონტს", ჩვენ არ ვეხებით მათ საკუთრებას. თავად შეადგინონ პროექტი და რაც უნდათ ის გააკეთონ, რაც უნდათ ის ააშენონ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ გურჯაანის რაიონს ჰქონდეს ბაზარი, სადაც დაცული იქნება ჰიგიენა. სადაც არის საკუთრება, სადაც არის მათი ნაკვეთები, იმ ადგილებს საერთოდ არ ვეხებით. იმ ნაწილის რეკონსტრუქციას ვაპირებთ, სადაც დახლებია განთავსებული, სადაც მწვანილები იყიდება და ანტისანიტარიაა. შენობა-ნაგებობებს არ ვეხებით!" _ აღნიშნა დავით ლიპარტაშვილმა. მაღაზიების მფლობელები კი მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან და არ გამორიცხავენ, რომ საქმე სისხლისღვრამდე მივიდეს. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google