საზოგადოება
გურჯაანის გიმნაზიის ქრონოლოგია და ოთარ ჭილაშვილის მიერ გადაყლაპული რუსული სკოლა
1980 წლის მიწურული იყო, 90-იანი წლები დგებოდა, როდესაც რაიონის გულისტკივილით შეწუხებულმა ადამიანებმა იმ მთავარი პრობლემის მოგვარება დაიწყეს, რასაც მომავალ თაობაში განათლების დეფიციტი ერქვა. ძმები გურამ და ოთარ ჭილაშვილები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გურჯაანში სკოლას აარსებენ. ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს-"სკოლას აარსებენ." თუმცა რეალურად, ასე მარტივი და იოლი არ ყოფილა ნოვატორული კონცეფციის დანერგვა, მით უფრო რაიონში, როდესაც საბჭოთა იდეოლოგის მანქანა, "რუსულიზაცია" ჯერ კიდევ განაგრძობდა მუშაობას. სწორედ რუსულენოვანი სკოლისთვის შენდებოდა ის შენობა, რომლის კედლებშიც შემდეგ "გიმნაზიელებმა" დაიდეს ბინა. "რუსული სკოლა გადავყლაპე,"-ასე ხუმრობანარევი სიამაყით გვითხრა გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, გურჯაანის საპატიო მოქალაქე ოთარ ჭილაშვილმა. მან დაწვრილებით გაიხსენა ის გზა, რომელიც გიმნაზიის დაარსებას, განვითარებას და წარმატებებს უკავშირდება. 1990 წლის პირველ ოქტომბერს გიმნაზიამ პირველი თაობა მიიღო. ეს იყო ორი მეათე, ორი მეცხრე და ერთი მერვე კლასი. სწავლება ფიზიკა-მათემატიკური და ჰუმანიტარული პროფილის განხრით მიმდინარეობდა. გაკვეთილებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ატარებდნენ. თუმცა ამ მომენტამდე იყო წინააღმდეგობები, რომელსაც გადალახვა სჭირდებოდა. "1990 წლის აგვისტოა, მოსწავლეები უკვე შერჩეულია, ველოდებით სასწავლო წლის დაწყებას. ჩამოვედით თბილისიდან და რუსული სკოლის დირექციამ გამოგვიცხადა ფართი ჩვენია და თქვენ არაფერი გესაქმებათო. შეიქმნა პრობლემა. ის შენობა კი სადაც რუსული სკოლა იყო განთავსებული, თავის დროზე გურჯაანის ტექნიკურ სასწავლებელს ეკუთნოდა. გაყიდეს და დაიწყო მზადება, რომ რუსული სკოლა კოსტავას ქუჩაზე (საუბარია ამჟამინდელ #4 საჯარო სკოლის შენობაზე ავტ.) გადასულიყო. რაიონის ხელმძღვანელობამ შემოგვთავაზა, ამავე შენობაში რამდენიმე ოთახს დაგითმობთო. ასე დავიწყეთ თავიდან. თუმცა მე ჩემი პირობა წამოვაყენე და შევთავაზე რუსული სკოლის დაწყებითი კლასები კოტეხის სკოლაში (#3 საჯარო სკოლა) გადაეყვანათ. 1998 წელს ამ სკოლას, ანუ რუსულ სექტორს, ბოლო გამოშვება ჰყავდა, შესაბამისად, უკვე გიმნაზია დარჩა სრულად,"-იხსენებს ოთარ ჭილაშვილი. გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ნაწყენია, რომ დღეს საჯარო სკოლას სტატუსი შეუცვალეს. "ეს არის გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის გიმნაზია. ასე უნდა ხდებოდეს მისი მოხსენიება. ისევე როგორც მეორე სკოლაა-(რკინიგზა) შოთა ასანიშვილის სახელობის და პირველი სკოლა კი-საშა ქავთარაძის. არ უნდა დაივიწყოს რაიონმა კოლორიტები, მომავალ თაობას უნდა გადავცეთ მათი სახელები." 1991 წლიდან გიმნაზიის მმართველობა ოთარ ჭილაშვილმა ჩაიბარა. 1994 წლიდან სკოლა უკვე პირველიდან _ მეთერთმეტე კლასის ჩათვლით იღებდა მოსწავლეებს. ამ დროიდან დაიწყო ის რეფორმები, რაც პატარა, პერიფერიული ქალაქისთვის უცხო ხილი იყო. განსხვავებული საგაკვეთილო პროცესი -(ორ საათიანი გაკვეთილი ერთ საგანში), ინფორმატიკის სწავლება, საზაფხულო სკოლა, გამოცდები ყოველი სემესტრის მიწურულს, გაცვლითი პროგრამები ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რასაც სკოლა ახორციელებდა, რაც იმ დროს ნამდვილად იყო არასტანდარტული და განათლების სამინისტროს ჩარჩოებს გაცდენილი. თითოეული ამ მეთოდის დანერგვას ოთარ ჭილაშვილი მტკიცე არგუმენტებით ამყარებს. "სემესტრის ბოლოს გამოცდების შემოღება საჭირო იყო, რადგან მოსწავლეები თავად დარწმუნებულიყვნენ რა იცოდნენ და რა-არა. ეს ეხმარებოდათ მოსწავლე-მასწავლებლებს მუდმივად ეკონტროლებინათ საკუთარი შესაძლებლობები. ასევე მოგეხსენებათ დიდი ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ ორსაათიანი გაკვეთილები. გაკვეთილის დაწყებიდან 10-15 წუთი მაინცაა საჭირო, რომ მოსწავლე სიტუაციას შეეგუოს, ამასობაში დრო გადის და 45 წუთი იწურება. ამიტომ გვქონდა გადაბმული გაკვეთილები. გაცვლითი პროგრამები წარმატებული მოსწავლეებისთვის არის კიდევ ერთი კომპონენტი მოტივაციის ასამაღლებლად." გურამ ჭილაშვილის სახელობის გიმნაზია უკვე 23 წელიწადს ითვლის. როგორც ბატონი ოთარი ამბობს, იმედია, არ ეწყინებათ დღეს იქ მომუშავე პედაგოგებს, რომ ამ სკოლას განსაკუთრებით პრესტიჟული იმიჯი სწორედ 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჰქონდა. სწავლება გიმნაზიაში სწორედ მაშინ მეტ პრივილეგიად ითვლებოდა.Dდღეს #4 საჯარო სკოლა კვლავაც ცდილობს შეინარჩუნოს პირველობის ტიტული. ოთარ ჭილაშვილმა საუბრის დასასრულს რჩევის სახით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი განათლებული მომავალი თაობაა და ამაზე-მშობელმა, პედაგოგმა და საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნოს.
| Print |
FaceBook Twitter Google