საზოგადოება
ბაზრის ხელმძღვანელობა სამმეტრიანი კედლის აშენებას გეგმავს
25 თებერვალს ბაზრის მესაკუთრეებს და მოვაჭრეებს შორის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. ნუკრი ლიპარტაშვილის თქმით, "გლეხური ბაზრის" მიმართ ქონებრივი ან უფლებრივი დავა აღარ არსებობს. დაპირისპირებული მხარე კი ისევ კანონდარღვევებზე საუბრობს და საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს. როგორც მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ ბაზრის მეპატრონე ნუკრი ლიპარტაშვილმა აღნიშნა, პროცესები მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი სიმართლე არ დადასტურდება. "ეს იყო მოსამზადებელი სხდომა. სასამართლომ მოვაჭრეები მესამე მხარედ ჩართო, რაც ჩვენთვისაც კარგია, საბოლოოდ უნდა გაირკვეს საკუთრების საკითხი და ამით იურიდიული პრობლემაც ამოიწურება. სამართლებრივი დავა 2011 წელს დაიწყო და ვერ ვხვდები რატომ, რადგან ბაზარი 2004 წლიდან გვეკუთვნის. 2005 წელს იყო გურჯაანის გამგეობის დადგენილება, რის საფუძველზეც მიწის საკუთრების ხელახლი დაანგარიშება და რეგისტრაცია მოხდა. ამის შემდეგ გავიდა 7 წელი და მოვაჭრეებმა ეხლა აღმოაჩინეს, რომ ეს მათი საკუთრება არ იყო, ან იყო და არასრულფასოვნად ჰქონდათ დარეგისტრირებული,"-აღნიშნა მან. მისივე თქმით, დავა სასამართლოში ბაზრის მოვაჭრეების მოთხოვნით დაიწყო და ამჟამად დამთავრებულია. -"სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კონსტიტუციურად ყველას აქვს. ჩვენ მოვაჭრეებს განვიხილავთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ბაზარში საქმიანობენ და შეიძლება ჰქონდეთ ქონებრივი ინტერესი. ამჟამად საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით არც ერთი სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს და ყველა პროცესი "გლეხური ბაზრის" სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ქონებრივი ან უფლებრივი დავა ჩვენს მიმართ აღარ არსებობს." ნუკრი ლიპარტაშვილის განმარტებით, მისი მხრიდან მძაფრი რეაქცია გურჯაანის გამგებლის მოადგილის ელგუჯა გიორგაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია და ამის გამო პროკურატურასაც მიმართეს. "ის რომ ჩვენ მიწა არაკანონიერი გზით გვაქვს დაკანონებული, არასწორია. ამას ექნება გაგრძელება და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. გიორგაძემ თვითონ უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რას ფიქრობდა, როდესაც ეს კომენტარი გააკეთა (საუბარია სპექტრისთვის მიცემულ ინტერვიუზე, ავტ.). გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლის განმარტება, ამ თემას ფუთავს. საერთოდაც, ეს საკითხი გიორგაძის განსახილველი არ არის. საქმეს სასამართლო გადაწყვეტს და ამის მერე მოადგილე იქნება თუ გამგებელი, ის მოაწერს ხელს. ჩვენ ამაზე გვქონდა პრეტენზია, ვაფიქსირებთ, ველოდებით გადაწყვეტილებას და ეს გაგრძელდება, მანამ, სანამ არ დადასტურდება ან ჩვენი ბრალეულობა, ან იმ ადამიანის უფლებამოსილების გადამეტება, ვინც ეს განცხადება გააკეთა. ადმინისტრაციულ წარმოებას ერთთვიანი ვადა აქვს." ამ თემაზე საპირისპირო მოსაზრება გააჩნია ერთ-ერთი ობიექტის მფლობელს თინათინ აბელაშვილს და თავისი არგუმენტები მოჰყავს. -"მას შემდეგ, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ეს ფართი წაღებული იყო კანონდარღვევით, ჩვენი უფლებები მითვისებული იყო სხვა პირების მიერ, წინა წლებში ყველა მაღალი რანგის საჯარო მოხელესთან დავდიოდით საკითხის გასარკვევად, მაგრამ სამართლიანობას ვერ მივაღწიეთ. ახალი ხელისუფლების პირობებში მივმართეთ გუჯა გიორგაძესაც. ავუხსენით ჩვენი გულისტკივილი, მივუტანეთ პროკურატურის დადგენილება, სადაც ცალსახად დადასტურებულია გურჯაანის შპს "გლეხური ბაზრის" მიწის უკანონოდ გადაცემის ფაქტები. ბატონი გუჯა გაეცნო ამ დადგენილებას და სწორედ ამის შემდეგ გამოთქვა აზრი, რომ მიწა კანონდარღვევით არის გაცემული. გაუჩნდა ინტერესი, რომ ხალხისთვის რაღაც გამოსავალი მოენახა, ფიქრობდა ორივე მხარისთვის შუალედური შეთავაზება გაეკეთებინა. თურმე მას იმის უფლებაც კი არ ჰქონია, რომ აზრი ხმამაღლა გამოეთქვა. ისიც, როგორც ბევრი სხვა მოხელე, უნდა გაჩუმებულიყო და ხალხს გვერდით არ დადგომოდა. ეს ყოფილა თურმე მისი დანაშაული და მეტი არაფერი." თინათინ აბელაშვილმა სასამართლო სხდომის შესახებ და კიდევ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც დღესდღეობით საქმესთან დაკავშირებით არსებობს. --"ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო სასამართლო რამდენჯერმე გადაიდო, დღეს ჩატარდა პროცესი და ჩვენდა გასაკვირად, ჩაგვრთეს, როგორც სავალდებულო მესამე პირები. თავის დროზე ბაზარი იყო რაიკავშირის დაქვემდებარებაში არსებული ერთ-ერთი საბალანსო ერთეული. შენობები ჩვენ საკუთრებას წარმოადგენდა. აქ ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ნაყიდი გვაქვს და როგორ მოხდა ამ შენობების 10 წლის შემდეგ გადაყიდვა, ეგ უკვე სხვა საკითხია. იმ პერიოდში ჩვენ არ ვიცოდით კანონდარღვევით იყო მიწა გაფორმებული თუ არა, ჩვენიაო იმას იძახდნენ. მაშინ საჯარო ინფორმციასთან ამდენი ხელმისაწვდომობა არ არსებობდა. კახეთის გუბერნატორი მათი ბიძა-ბიძინა სონღულაშვილი იყო. ჩვენ დღესაც გაგვაჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ გურჯაანის აგრარული ბაზარი მას ეკუთვნის, მაგრამ ფიქტიურად თავის დაზე აქვს გაფორმებული. ახლა დადგება ახალი საჩივრების დრო და აქ სხვა დანაშაულებებიც გამოიკვეთება." როგორც ბაზრის ყოფილმა დირექტორმა ბიძინა ყვირალაშვილმა განმარტა, ადმინისტრაციას, ბაზარში სამმეტრიანი კედლის აშენება და გარკვეული ტერიტორიის იზოლაცია სურს. -"მე, როგორც ბაზრის ყოფილი დირექტორი, ამ ხალხის გვერდით ვდგავარ. შპს "გლეხური ბაზრის" მფლობელები სამმეტრიან კედელს აკეთებენ, რითაც ტერიტორია შუაზე იყოფა. ამის გამო ქვედა ნაწილი, ფაქტიურად პარალიზებული ხდება, რადგან ტრანსპორტის შესვლა შეუძლებელი იქნება. ასეთი ქმედებით მესაკუთრეებს, რომლებსაც ამ მონაკვეთში წერტები გააჩნიათ, ისეთ პირობებს უქმნიან, რომ იძულებულები გახდნენ და ხვალ-ზეგ თავიანთი საკუთრება კაპიკებში გაყიდონ. ამას სპეციალურად აკეთებენ.| კედელთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება თინათინ აბელაშვილმაც გამოთქვა, რომლის მაღაზიაც სწორედ ამ მონაკვეთში მდებარეობს. - "ამ დროისთვის შეიძლება ჩემს ობიექტს არ ეხებიან, თუმცა, 2011 წელს მათ გამგეობაში კონკრეტულად ჩვენი მაღაზიის დემონტაჟის საკითხი დააყენეს, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურის მიერ უარი ეთქვათ. დემონტაჟი არა, მაგრამ ბაზრის რეკონსტრუქციის პროექტი ნამდვილად ხელს გვიშლის. ეს გეგმა იცით რატომ არის მოგონილი? ბაზრის ქვედა ნაწილში გაცილებით მეტი მიწა და შენობაა შეძენილი და სხვისი საკუთრებაა. საჯარო რეესტრშიც არის დარეგისტრირებული და სხანაირად ამას ვერ დაძრავენ. თავის დროზე შპს "გლეხურმა ბაზარმა" შეიძინა მხოლოდ 1420 კვარდატი შენობა-ნაგებობები. მათ საკუთრების დასარეგისტრირებლად სახელმწიფოს მიმართეს. იმ პერიოდისთვის გამგებელი გიორგი სიბაშვილი იყო. ის არ დაინტერესდა, არაფერი არ ნახა და უყველაფროდ დაურეგისტრირათ 15207 კვადრატი მიწა, რომელშიც ჩვენი ფართიც შედიოდა. ფაქტიურად, მან არარეალური ფართი დაურეგისტრირათ და ეს ყველაფერი უფასპატივოდ გადასცათ,"-განმარტა მან და იქვე დასძინა: -"ჩვენ ჩვენი ფართი დაგვიკანონონ და თავისი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდება. რაც მანამდე ხდებოდა, ჟურნალი იყო. სანამ სამართალს არ მივაღწევთ, გამორიცხულია, ბაზარში რამის გაკეთება. რკინის ქალმანს ჩავიცვამ და ხმას ყველაგან მივაწვდენ." აღნიშნულ თემაზე კომენტარს აკეთებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი. - "დემონტაჟზე ნებართვა, გამგეობაში ჩემს მოსვლამდე ჰქონდათ შემოტანილი, მაგრამ შპს "გლეხურ ბაზარს" უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ ტერიტორიაზე მდებარე კერძო მესაკუთრეების უფლებები ირღვეოდა. ამის შემდეგ ეს საკითხი გაასაჩივრეს და სასამართლოში მიდის დავა. რაც შეეხება პროექტს, ჩემთვის ცნობილია, ვიცი, რომ ბაზრის ადმინისტრაცია სამმეტრიანი კედლის აშენებასაც აპირებს. მოვლენებს რომ წინ არ გაუსწროთ, ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს, დაველოდოთ გადაწყვეტილებას. და თუ სასამართლოს მხრიდან დემონტაჟზე იქნება თანხმობა, ამის შემდეგ უკვე განიხილება რა ტიპის რეკონსტრუქცია შეიძლება განხორციელდეს ისე, რომ არავისი უფლებები არ დაიღვას. კედელი რა მონაკვეთზე და პარამეტრზე გაივლის, ეს სპეციალისტებმა უნდა განიხილონ, ყველა შემთხვევაში პასუხი იქნება ის, რომ ყველა მოვაჭრის უფლება უნდა იყოს დაცული,"-განმარტა მან. აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების მფლობელები კი აღნიშნავენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ, რადგან კანონით, როდესაც ბაზარში არსებობს რამდენიმე მესაკუთრე, ყველანაირი პროექტი თუ დემონტაჟი, სხვებთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს და არა ერთი პირის ინტერესებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ მომდევნო სასამართლო სხდომა 11 მარტს არის ჩანიშნული. მარინა პეტრიაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google