ბლოგი
ვინც თვლის, რომ პროფესია დედის გრძნობაზე წინ უნდა იდგეს, ნუ წაიკითხავს [potos]
(ბანაკი თუ...) 3 აგვისტოს გურჯაანიდან დაახლოებით 60 ახალგაზრდა ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორდის ეროვნული პარკის მიმართულებით გაემგზავრა. მათ შორის იყო ჩემი ორივე შვილი.
ვჯიჯგნე და ვჯიჯგნე სტატიის ტექსტი, მაინც ვერაფერი მოვუხერხე. ემოცია ებრძოდა ჩვევას, მიკერძოებული ვიყავი, ვბრაზობდი, ვბობოქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ბლოგი უნდა დამეწერა და არა სტატია. რამდენიმე კვირის წინ, მეგობარმა მითხრა, ბავშვს ახალგაზრდულ ბანაკში ვაგზავნი, ძალიან ლამაზ ადგილას, ოკაცეს კანიონზე მიდიან და თანაც ბევრ კარგ ღონისძიებასაც გეგმავენო, დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი და იდეა მართლაც მომხიბვლელი მეჩვენა. ჩემი მოტივაცია ის იყო, რომ ნანუკა, რომელიც 14 წლისაა, კომპიუტერისთვის ცოტა ხნით მაინც მომეცილებინა, დარწმუნებული ვარ, მშობლების უმრავლესობა ამას იოლად გაიგებს.

ჯერ ინტერნეტში „დავგუგლე“- ,,სახელმწიფო 3:0", ინფორმაცია მალევე ვიპოვე, ნამდილად ეტყობოდა კარგად ორგანიზებული პიარის ხელი. ნანახმა ისე მომხიბლა, რომ უფროს შვილსაც შევთავაზე ბანაკში წასვლა, უფრო სწორად, კი არ შევთავაზე, დავაძალე. გიორგი ვაშაძის ორგანიზაციასთან დამაკავშირებელი რგოლიც მალევე მოვნახე; ვთხოვე, თუ შესაძლებელია, იქნებ ბავშვები თვის დასაწყისშივე გააგზავნოთ, რადგან აგვისტოს მეორე ნახევარში სხვა გეგმები გვაქვს-მეთქი. დამთანხმდნენ, ის კი არა, პირველივე ნაკადში ჩასვეს. ბანაკის პოპულარიზაციისთვის მენეჯერებმა ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენეს: სოციალური ქსელი, ტელევიზია, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები. გადასახადი მიზერულ თანხას 25 ლარს შეადგენდა და შესაბამისად, უამრავი მსურველიც გამოჩნდა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, მხოლოდ გურჯაანიდან საზაფხულო ბანაკში 400 ახალგაზრდა უნდა წასულიყო (ამ თემაზე speqtri.ge-მ ნიუსიც მოამზადა). ლიბერთი ბანკში 50 ლარი გადავიხადეთ და ქვითრები ორგანიზატორს გადავეცით. ბავშვებმა ფეისბუქის ჯგუფში ინსტრუქცია მიიღეს, მკაცრად იყო აკრძალული ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, სიგარეტისა და წამლების წაღებაც კი. ნანუკა ალერგიულია და ორი აბი „ვანსეარი“ მაინც ვუყიდე, ვიფიქრე, ჯგუფის ხელმძღვანელს ვთხოვ, გამონაკლისი დაუშვას-მეთქი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვილებს კარგ, საიმედო ადგილას ვგზავნიდი და ამას თავისი შედეგი ნამდვილად ექნებოდა, ბავშვებს სახარჯოდ მხოლოდ 20 ლარი გავატანე, ესეც ყოველი შემთხვევისთვის. ბანაკი მართალია საველე პირობებს ითვალისწინებდა, მაგრამ, მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმები. ასევე იგეგმებოდა ტრენინგები, რომელსაც, როგორც გვარწმუნებდნენ, ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების წამყვანი ლექტორები ჩაატარებდnენ. სემინარები შეეხებოდა თემებს- ეკოლოგია, ამერიკული და ევროპული ლიდერშიფი, ეკონომიკა, ლიდერობა, გუნდის მართვა და საჯარო გამოსვლის სტრუქტურა.

ბავშვები 3 აგვისტოს დილის 9 საათზე გურჯაანის იუსტიციის სახლის წინ შეიკრიბნენ, გავაცილეთ და მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვეთ. საღამოს უფროსმა ქალიშვილმა დამირეკა, დედა შენ არ იცი, აქ რა ხდება, ვიღაცის სახლში შეგვიყვანეს, სადაც არც საწოლი გვაქვს, არც სკამი, იატაკზე ქვეშაგები ყრია, იქ ვწევართ და ოთახს, სადaც 13 ბავშვია, კარი საერთოდ არ აქვსო. გულს შემომეყარა, მაგრამ მის ნათქვამში მაინც ეჭვი შემეპარა. ვიფიქრე, დაღლილია და ხვალ ალბათ, ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედავს-მეთქი. მეორე დილას მე თვითონ შევეხმიანე, საჭმელი საშინელი გემოსია, ანტისანიტარიაა, ვერაფერს ვჭამთ და არც იმდენი ფული გვაქვს, რომ მაღაზიაში ვიყიდოთ რამეო. დავურეკე ჯგუფის ხელმძღვანელს, არც მე ვიცოდი ეს ამბავი თუ დაგვხვდებოდაო, - მითხრა. ალბათ, არც ერთი მშობლისთვის არ იქნება ძნელად გასაგები, რა დღეში ვიყავი ის დღეები, რამდენჯერ ვრეკავდი ბავშვებთან, ღმერთს ვთხოვდი, ყველაფერი მალე დამთავრებულიყო და სახლში მშვიდობიანად დაბრუნებულიყვნენ.

ჯგუფის ხელმძღვანელთან კიდევ ერთხელ მომიწია დარეკვა, როცა უფროსმა შვილმა მითხრა, რომ ლიდერი- სერგო (რომლის დედაც პარლამენტარია, ასე იცოდნენ ბავშვებმა) ოთახიდან გასვლას უკრძალავდა, ასეთი „ხოში“ მაქვს, თუ არადა, კოჭებში დაგამტვრევო. ჯგუფის ხელმძღვანელმა დამამშვიდა, დღესვე გავაგდებთ ბანაკიდან, მაგან ისეთი რამეები ჩაიდინაო. როგორც გვითხრეს, პირველი ნაკადი 6 აგვისტოს დილის 9 საათზე უნდა გამომგზავრებულიყო, მაგრამ მძღოლი წინა საღამოს დათვრა და ავტობუსის გასაღები დაკარგა. ის დღე უსაშველოდ გაიწელა, 9 საათიანი მგზავრობის შემდეგ ბავშვები საღამოს 10 საათზე ჩამოვიდნენ გურჯაანში. ფოტოებმა და მათმა მონაყოლმა გამაოგნა: „ბიჭებს ლიდერი საერთოდ არ ჰყავდათ, ყველა თავის ჭკუაზე დადიოდა, მარტო სიგარეტი კი არა, მოსაწევიც კი ჰქონდათ, არანაირი შეხვედრა არ ჩატარებულა, ჩვენი ლიდერები მხოლოდ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სხვა არaფერს აკეთებდნენ, ფანჯრები დალურსმული იყო და არ იხსნებოდა, ოთახს კარის ნაცვლად ფარდა ჰქონდა, დუშის ნაცვლად წყალი რეზინის მილიდან გადმოდიოდა და ისიც ცივი იყო, საშინელი ანტისანიტარია იყო, საჭმელი ფაქტობრივად არ გვქონდა და ვშიმშილოbდით- ეს არის ის ძირითადი ფრაზები, რომელიც მოკლედ, მაგრამ ნათლად ასახავს მათ ბანაკურ ცხოვრებას.

პროფესიულმა ჩვევამ მაიძულა ყველა ეს ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელობასთან გადამემოწმებინა; ჯერ ორგანიზაციის პრესსამსახურს თეონა ჭალიძეს დავურეკე, რომელმაც სავარაუდო კითხვების შეთანხმება მთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ დამაკავშირა პროექტის მენეჯერ პაატა მანგალაჯესთან.

-რა პირობებში იმყოფებოდნენ ბანაკში და რა ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას პირველი ნაკადის წევრები?

"682 ადამიანი იყო თავის მენეჯმენტით, დამხმარე პერსონალით, მოწვეული მომღერლებით და ასე შემდეგ. პროექტის შესახებ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოებს, შსს-ს ოთხი ეკიპაჟი იცავს, ასევე ჩვენთან შექმნილია ჯგუფები, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჩამოყვანილი გვყავდა მოლაშქრეთა ერთ-ერთი ფედერაციიდან სპეციალური ჯგუფი, გადავუხადეთ თანხა და დაატრენინგა 10 ადამიანი. ჩვენი ბანაკი არის სკაუტური ტიპის. დავამატეთ შემეცნებითი ღონისძიებები, არის ორიენტირებული გართობაზე, ასევე ლაშქრობებზე. პირველია კანიონის მონახულება, შემდეგ არის კინჩხა, სოფელი გორდთან, სადაც არის ხელოვნური ჩანჩქერები და ა.შ. არ იფიქროთ, რომ ეს ქაოსურად ხდებოდეს. ახალგაზრდებს ვყოფთ ათ-ათ კაციან ჯგუფებად, მათ ჰყავთ თავიანთი ლიდერები. მთავარია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, იმიტომ, რომ კვების ობიექტებს ყოველ მეორე დღეს ამოწმებს სანიტარულ-ჰიგიენური სამსახური.

-ბავშვებს სძინავთ იატაკზე, საშინელ პირობებში იკვებებიან, პრობლემები იყო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით...

- როგორ გეკადრებათ, თქვენ ტენდენციურად აშუქებთ სიტუაციას. გეთანხმებით, რომ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო რაღაც ხარვეზები, უბრალოდ საქართველოში ვერ ვნახეთ, ნორმალური სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა მათ გადაყვანას და იმ ქვეყანაში, სადაც ხარვეზების გარეშე ვერ აანთეს ოლიმპიური ცეცხლი, არცაა ეს გასაკვირი.

-მე ვნახე ფოტოები, რომლებიც ბავშვებმა გადაიღეს ბანაკში...

-არ ვიცი, დავინტერესდები აუცილებლად. სად ხდებოდა ეს? მაჩვენეთ ეგ ფოტოები.

პროექტის მენეჯერის პაატა მანგალაჯის თქმით, 1 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების 9000-ს მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს მარშრუტები გორდი–კინჩხა. მე კი მივმართავ ყველა მშობელს, დაფიქრდით, სანამ შვილებს “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” პროექტის- სახელმწიფო 3.0-ის ბანაკში გააგზავნით!
| Print |
FaceBook Twitter Google