ბლოგი
საქართველო სუფრაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში
რამდენიმე დღის წინ, ჩემს ძველ ნაწერებს ვათვალიერებდი. აი ისეთებს, თინეიჯერობის დროს თითქმის ყველა რომ წერს, მაგრამ ძირითადად მზის სინათლეს ვერ ნახულობს. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქვეყნისთვის ბევრი თავისუფალი თემა მქონია მიძღვნილი. ყველა მათგანის პათოსი ერთია-სამშობლოს სიყვარული და გულანთებული მამულიშვილობა. ვკითხულობდი და მეღიმებოდა ჩემ "ტკბილ პატრიოტიზმზე." მაშინ ამ სიტყვების ნამდვილად მჯეროდა, მაგრამ დღეს, წლების შემდეგ ჩემმა თემებმა ქართული სუფრა გამახსენა. ხომ ხვდებით რას ვგულისხმობ. თამადა რომ დიდი მონდომებით და რა თქმა უნდა, განსხვავებული სასმისით სვამს ჩვენი ბედკრული ქვეყნის სადღეგრძელოს. თან მის წარსულს, ისტორიას, ომიანობას იშველიებს. თუ ერთი-ორი ლექსიც გაურია ამ ყველაფერს, თანამეინახეთა პატივი გარანტირებული აქვს. მერე ყველა ერთხმად (ბახუსით გათამამებულები) აიტაცებს სამშობლოს სადღეგრძელოს. ჩვენი ქართველობა, განსაკუთრებით "ქართველური" ხომ მამაპაპურ, ტრადიციულ სუფრებზე ხდება. პათეტიკის სრული შეგრძნება, "მრავალჟამიერი" და ერთმანეთის შეჯიბრი-ვინ უფრო შთამბეჭდავად იტყვის. თამადა რომ განსაკუთრებით მოინდომებს, ეს ხომ უკვე მოგახსენეთ. პარალელებს რომ ავლებს დიდგორთან, კრწანისთან. არ მესმის, რატომ უნდა ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ვის უფრო მეტად გვტკივა და გვიყვარს საქართველო? ანდა, გამუდმებით იმის აფიშირება რატომ უნდა ხდებოდეს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ვის რომელ პოზიციაზე უწევს დგომა?.. და მაშინ, როცა სუფრაზე, ანდა ტრიბუნაზე (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) ყველა მეათე ხერხეულიძე, ან 301-ე არაგველი ვართ, იქნებ დავფიქრდეთ! "პატრიოტობანას თამაშს" ხომ არ სჯობია,ჯერ ყოველდღიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები გავაცნობიეროთ. ნუ დავარღვევთ წესრიგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ნუ დავანაგვიანებთ ქალაქს, ქუჩას, სადარბაზოს! ნუ დავარღვევთ მოძრაობის წესებს. მძღოლებო, ნუ შეგვაყოვნებთ "ზებრაზე" და ასე კიდევ ბევრი "ნუ" შეიძლება დაიწეროს. მაგრამ მგონი თავი მოგაბეზრეთ მენტორული ტონით (მაპატიეთ). უბრალოდ, მე მაინც მგონია, სამშობლოს სიყვარულის მტკიცება-მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერების გარეშე არაფერია. მოქალაქეობრივი ვალდებულებების აღქმა გაცილებით მეტია, ვიდრე ცნება, რომელსაც პატრიოტიზმი ჰქვია და ქართულ ტრადიციულ სუფრებს ასე "ამშვენებს." რა თქმა უნდა, ყველა ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი, არაგველები და ხერხეულიძეები ვერ ვიქნებით. ვერც შინდისის გმირობას და ალექსი ნატროშვილობას შევძლებთ ყველა. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე, მაგრამ ყველა გმირი ხომ ვერ ვიქნებით. ამას არც არავინ გვთხოვს. უბრალოდ, პათეტიკას შევეშვათ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებზე ვიფიქროთ. იმაზე, რაც ასე გვაკლია და გვჭირდება. მეც, თქვენც-ჩვენ ქართველებს! ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google