ბლოგი
რატომ დაწერე? - უარგუმენტო კითხვები ჟურნალისტს
იციან, რომ მასწავლებელი ასწავლის, ექიმი კურნავს, მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს, მეხანძრე ცეცხლს აქრობს, მცხობელი პურს აცხობს, მაგრამ ჟურნალისტი? ზოგს ვერ გაუგია, რატომ გაჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას.
სტატიები, ნიუსები, ვიდეორეპორტაჟები, უამრავი განაწყენებული თუ კმაყოფილი რესპონდენტი - ვეცადე, რამდენიმე სიტყვაში ჩამეტია ჩემი თითქმის ხუთწლიანი ჟურნალიტური საქმიანობა. თავიდან, მათ „შენიშვნებს“ უფრო მეტად განვიცდიდი, შემდეგ კი თანდათან მივეჩვიე. აი, ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინებები კი, რომელიც გასულ კვირას სრულიად უსამართლოდ მივიღე, ყველა ზღვას გასცდა. „უნამუსო“, „ჭორიკანა“, „არაადამიანო“, „უგულო“- ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრმა მომმართა. პრეტენზია, როგორც ყოველთვის სხვა პრეტენზიების მსგავსია, რატომ დავწერე? კითხვა მხოლოდ ამაში მდგომარეობს.

"იცი, რაა? ეს შენი სოფელია, ის დედაშენის, სადღაც დეიდა ცხოვრობს და არ გინდა, რა“ - არადა, მე და ჩემმა ორგანიზაციამ უკეთ ვიცით რა გვინდა.

ყველაფრის მიუხედავად, სულს ათბობენ ის ადამიანები, რომლებიც იმედის თვალით შემოგყურებენ, სჯერათ შენი, რომ მათ პრობლემას ადრესატამდე მიიტან და რაღაც მათთანაც სასიკეთოდ შეიცვლება. სწორედ ეს გავალდებულებს უფრო მეტი გააკეთო. ისინი მაძლევენ სტიმულს, ვიყო იქ, სადაც ვარ.

... და მაინც, განაწყენებულო რესპონდენტებო, თუკი ოდესმე ჟურნალისტის დახმარება დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, აღმოვჩნდები იქ, სადაც უნდა ვიყო.

ილაპარაკეთ, მლანძღეთ, მაგრამ იმ ანდაზის არ იყოს, ძაღლი ყეფს-ქარავანი მიდის.
| Print |
FaceBook Twitter Google