ბლოგი
უახლესი ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი

ლანა გულოშვილი

 2008 წლის აგვისტოს შემზარავი, ტკივილითა და სისხლით გაჯერებული კვირიდან ზუსტად ოთხი წელი გავიდა. ეს დღეები ქართველ ერს არასოდეს დაავიწყდება, ქართლის მიწა ისევ გაიპოხა თავისი შვილების სისხლით. თუმცა ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება იმ მიწაზე სიკვდილია, რომელზე სიცოცხლის უფლებასაც გართმევენო. ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავს, გმირი, რომელთა სამშობლოსთვის მსხვერპლშეწირვაც ჩვენ, ცოცხლად დარჩენილებს ცოდვებს ჩამოგვრეცხავს. დღეს პოლიტიკურ წრეებსა, თუ თავშეყრის ადგილებში ბევრს დავობენ იმაზე, ვინ დაიწყო ომი, ვინ გახსნა პირველმა ცეცხლი, რომელმა მხარემ მოაწყო პროვოკაცია. თუმცა ბრძოლის ველზე დაღუპილთა ოჯახებისთვის ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. შედეგი მძიმეა _ ცრემლებით, ტკივილითა და ძაძით გაჯერებული. მით უფრო, რომ უახლესი ისტორიის ქარტეხილებში, ძმათა ომებში გამარჯვებული არ არსებობს. პოლიტიკოსები მოდიან, მიდიან, ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ სამწუხაროდ, აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ მოუშუშებელ იარად რჩება. 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული, ჭურვებისგან `გაცხელებული~ დღეები უკვე ისტორიის ნაწილია, შლაგბაუმს იქით დარჩა ლიახვისა და ქსნის ხეობები. `სპექტრის~ რედაქცია ქედს იხრის თითოეული გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე ქვეყნის ხვალინდელ დღეს, უკეთეს მომავალს შესწირა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, გარდაცვლილთა ოჯახებს კი მხნეობას ვუსურვებთ. გვესმის, რომ ძალიან გტკივათ და ამ ტკივილის განელება შეუძლებელია, თუმცა იყო გმირის მშობელი _ ერთეულთა ხვედრია. პ.ს. როდესაც ამ წერილს ვწერდი, ტელევიზიით გიორგი სიხარულიძის ბოლო დროს გადაღებული ფილმი _ `ბამბაზიის სამოთხე~ გადიოდა. სიუჟეტი აფხაზეთის ომის ირგვლივ ვითარდება და ორი ქალის: ქართველი და აფხაზი დედის შვილების დაღუპვით გამოწვეულ ემოციას ეხება. სურათი ქართველი დედის სიტყვებით მთავრდება. `მე დავბრუნდები!~ არ მინდა გვერდი არაფრისმთქმელი პათეტიკით გავჟღინთო, მაგრამ მეც მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ დავბრუნდებით, შლაგბაუმს იქით კი ძმური სალამით და პატიების სურვილით გამსჭვალული აფხაზები და ოსები დაგვხვდებიან. პატიება კი ამ შემთხვევაში ის გრძნობაა, რომელიც ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს, იმიტომ, რომ ომში, სადაც ტყვია ძმამ ძმას ესროლა, მტყუანი და მართალი არ არსებობს, მომავალი კი _ მხოლოდ პატიების, მიტევებისა და შერიგებისთვისაა განწირული.

| Print |
FaceBook Twitter Google