ბლოგი
საზოგადოება ამისთვის მზად არ არის
[caption id="attachment_395" align="alignleft" width="300" caption="ნინო ლიპარტაშვილი"][/caption] გაზეთ ``სპექტრის`` 22-28 ივლისის  20(286)-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით: ``განმარტებების გარეშე გაუქმებული სკოლა-ინტერნატები``, რომელსაც გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელის, სოფო ლიპარტაშვილის მშობლის გამოხმაურება მოჰყვა, წერილს გთავაზობთ სტილის დაცვით. საზოგადოება ამისთვის მზად არ არის
გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნულის შესახებ არ საუბრობენ. მე როგორც დედას, არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით ამ საკითხს არ გამოვეხმაურო.
ჩემი შვილი სოფიკო ლიპარტაშვილი უკვე 6 წელია, რაც გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელია. იგი ამ სკოლაში თავისი უბედური ბედით აღმოჩნდა, კონკრეტულად კი დცპ _ ფსიქო მოტორული გონებრივი ჩამორჩენით მივიყვანეთ. თავდაპირველად, როდესაც ჩემთან ამ სკოლის მასწავლებელი ციცინო უტიაშვილი-კობახიძე მოვიდა და მთხოვა, სკოლის ცხოვრებას გავცნობოდი, თავი შეურაცხვყოფილად ვიგრძენი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი შვილი ჩვეულებრივ სკოლაში ვერ ივლიდა და გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან კმაყოფილი ვარ სკოლა-პანსიონის ყველა იმ თანამშრომლით, რომლებსაც ჩემს შვილთან ყოფნა უწევთ. არ შემიძლია დიდი სიყვარული და პატივისცემა არ გამოვხატო სოფიკოს კლასის დამრიგებელის ქალბატონ ნუნუ მაისურაძის მიმართ. იგი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს და არა მარტო ჩემს შვილს აგრძნობინებს დედობრივ სიყვარულს, თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყვნენ. ინკლუზიური სწავლებისათვის ეს ბავშვები მზად არ არიან და არც საზოგადოება არის მზად ამ ბავშვების მისაღებად. ისინი ჩვეულებრივ სკოლაში ირონიას, დაცინვას, მასხარად აგდების მეტს არაფერს მიიღებენ. სასწავლო პროგრმას კი ვერ დაძლევენ, იმიტომ რომ შესაბამისი განვითარება არ აქვთ.
მე, როგორც მშობელს, ძალიან მაღელვებს ყველა აღსაზრდელის ბედი, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. საით წავლენ ისინი, საით გარიყავს ცხოვრების დინება?! მაღელვებს ყველა იმ თანამშრომლის ბედიც, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობდნენ სკოლაში სხვადასხვა თანამდებობებზე, სად წავლენ, როგორ შეძლებენ არსებობას?! ისინი უანგაროდ ეწეოდნენ მძიმე, მართლაც ძალიან მძიმე შრომას ამ ბავშვებთან. აბა ერთი წუთით დავფიქრდეთ, როგორი ძნელია გონებაჩამორჩენილ ბავშვთან მუშაობა. უკვე 18 წელია ვაზისუბნის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი და დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებში არ არის შესაბამისი ბაზა ინკლუზიური სწავლებისათვის. დღეისათვის საჯარო სკოლებში მოვიდა სხვა თაობა, სხვა მშობელთა ნაკადი. განა შეიძლება გონებაგახსნილ მოსწავლესთან ერთად კლასში გონებაჩამორჩენილი მოსწავლეც იჯდეს?! ავადმყოფ ბავშვს სჭირდება ექიმი, ექთანი, ძიძა და სხვა დანარჩენი დანიშნულებები, რომელიც აუცილებელია მისთვის.
არ შეიძლება ადამიანმა თავისი პირადი ბედნიერება ამდენი დაჩაგრული ბავშვის უბედურებაზე ააგოს! მე, როგორც დედა, ჩემს შვილს თავის გზას მივცემ, მაგრამ სკოლა-პანსიონში არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი წლების მანძილზე მშობლებს ვერ ხედავენ. იქნება დაინტერესდეს რაიონის ხელმძღვანელობა ამ ბავშვების ბედით და არ მოხდეს სკოლა-პანსიონის ლიკვიდაცია.
პატივისცემით, ნინო ლიპარტაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google