ბლოგი
ბებოს ლოცვიდან-მამაო ჩვენომდე
ლანა გულოშვილის ბლოგი ბებომ, ჩემგან განსხვავებით, "მამაო ჩვენო" არ იცის, არც-"მრწამსი." რა გასაკვირია, ჩვენ ხომ სხვადასხვა თაობა ვართ?! მას სკოლაში დარვინის თეორიას ასწავლიდნენ და ათეიზმს უნერგავდნენ. მე-რელიგიას ვსწავლობდი და იმას, რომ კაცობრიობა ადამ და ევას შთამომავალია და არა მაიმუნის. ამ განსხავებების მიუხედავად, ჩვენ ორივეს გვწამს ღმერთი, მაგრამ ორივეს ჩვენეულად. რომ დავფიქრდი, მივხვდი, ბებოს რწმენა უფრო ძლიერია, იმის მიუხედავად, რომ ის ვერ დადის ეკლესიაში, არ იცის ლოცვები ზეპირად და არც საათების მიხედვით კითხულობს მათ.

-"ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ყველა კარგად მიმყოფე, ვინც ჩემს გულს ეჭიდება. კარგი თვალისჩინი მომეცი. ჩემი საქმე წაიყვანე კარგად,"- ამ მესიჯს ბებო, ღამით დაწოლის წინ ყოველთვის უგზავნის უფალს.

მერე იწერს პირჯვარს და წვება იმ იმედით და რწმენით, რომ ყველაფერი ნამდვილად ასე იქნება. რამდენჯერაც მისი ფრაზებისთვის მომისმენია, ყოველთვის მიგრძვნია მათში ჩადებული გულიდან წამოსული სიტყვების ძალა. ეს რამდენიმე წინადადებიანი, ბებოს გამოგონილი ლოცვა ისე ღრმაა, რომ ბევრჯერ შემრცხვენია. მგონია, რომ ჩემს ზეპირად ნათქვამ ლოცვებზე უფრო მეტად ესმის უფალს. მე არ ვიცი როგორ ახერხებს ბებო, რომ მისი, ათეიზმის ეპოქის შვილის ლოცვა, უფრო მეტი რწმენით იყოს სავსე, ვიდრე-ჩემი. მე ხომ 90-იანელი ვარ. მე ხომ გაკვეთილების ცხრილში რელიგია და კულტურა მეწერა. მე ხომ ეკლესიაში დავდივარ, მე (ჩვენ) ხომ სულ იმით ვიწონებ თავს, რომ ღმერთი ძალიან მიყვარს.

და კიდევ ბევრი "მე ხომ" შეიძლება დაიწეროს, რასაც ვერ ვიტყვი ბებოს ახალგაზრდობის პერიოდზე. ჩვენ ხომ რწმენა ისე მოდურად ვაქციეთ, რომ თავის მოსაწონებლად ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა-ვინ რამდენჯერ ეზიარა, რამდენჯერ ჩააბარა აღსარება, როგორ დამშვიდდა ეკლესიიდან რომ გამოვიდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ "ეკლესიაში ვიყავი" ერთმანეთს ნიშნის მოგებითაც კი ვეუბნებით იმის დასამტკიცებლად, მე შენზე კარგი ვარო. მოდად ქცეული ეკლესიის ერთ-ერთი ატრიბუტია ჯიპიანი და ფეშენ-ვილებიანი მამაოებიც. მოდურია ისიც, რომ (არა ყველგან, მაგრამ არაერთ ეკლესიაში) მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი, თუ სხვა საეკლესიო რიტუალის შესასრულებლად (ნათლობა, ჯვრისწერა) ფული პირდაპირ ხელიდან ხელში უნდა გადასცე მამაოს...

მერე ერთ საღამოს, როცა ბებომ ისევ წარმოთქვა "ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ყველა კარგად მიმყოფე, ვინც ჩემს გულს ეჭიდება. კარგი თვალის ჩინი მომეცი. ჩემი საქმე წაიყვანე კარგად,"-მივხვდი, რომ რწმენა არ არის საათებში გაწერილი ლოცვების კითხვა, არც "მამაო ჩვენოს" და მრწამსის გაზეპირებაა, არც ათი მცნების დასწავლა და სახარებისეული იგავებით საუბარი. რწმენა და უფლის სიყვარული შინაგანი მდგომარეობაა, ისეთი მისტიკური, როგორსაც ბებო ამყარებს ღმერთთან, გულიდან ამოსული სიტყვებით და სიკეთის კეთების მადლით. მოდას აყოლილი რწმენით, ჩვენ ბოლო წლებში ღმერთის და ეკლესიის სახელით არაერთხელ გავყიდეთ უფალი. ბებო ეკლესიაში ვერ დადის. ვერც მაინდამაინც ეკლესიის სანთელს ანთებს, მაგრამ ძალიან ხშირად ანთებს არა ეკლესიაში ნაყიდ თაფლის სანთელს, რომელსაც რომ ვუყურებ, მგონია ძალიან წმინდა ალი აქვს.

და მე ვხვდები, რომ ბებოს ნაპოვნი ჰყავს თავისი ღმერთი. მე არ ავყვები მოდას, მე ვიპოვი ჩემს ღმერთს. პ.ს დასასრულს მინდა აღვნიშნო: ამ ბლოგის დანიშნულება ნამდვილად არ არის პროპაგანდა რომ არ ვილოცოთ, არ წავიდეთ ეკლესიაში და ა.შ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ეკლესიაში სიარული, ლოცვების თქმა და ამ თემით მანიპულირება, არაფერია, როცა რწმენაში პომპეზურობა, სანახაობა და მიმბაძველობა უფრო მეტია, ვიდრე შენეული, არადოგმირებული დამოკიდებულება უფალთან.
ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google