განათლება
მასწავლებელთა გამოცდებზე სიახლეა
ხვალიდან მასწავლებლების (პედაგოგობის მსურველთა), საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (online.naec.ge; www.naec.gov.ge ). რეგისტრაცია 12 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულება „მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გაიყო ორ ნაწილად). ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს. დეტალური ინსტრუქციის (გზამკვლევი) გაცნობა აპლიკანტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია.

სიახლეა მასწავლებელთა (პედაგოგობის მსურველთა) გამოცდებზეც - რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებს, ასევე მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს (პედაგოგობის მსურველებს).


| Print |
FaceBook Twitter Google