განათლება
პროფესიული განათლება ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვისაც ხელმისაწვდომია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში 30 მოსწავლეა, დირექტორის, კიას აბუზაროვის თქმით, მეათე კლასში სწავლა, შესაძლოა, მხოლოდ ნახევარმა გააგრძელოს.
ვინც განათლების მიღებას მე-9 კლასიდან წყვეტს, ის ხელობას კერძო პირთან ეუფლება, ძირითად შემთხვევაში კი, ოჯახურ საქმიანობაში ერთვება, მინდორში მუშაობს, ცხვარს მწყემსავს და სხვა მსგავს სამუშაოებს ასრულებს.

მაქსუდ ბაირამოვიც მეცხრე კლასის მოსწავლეა. პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ აქვს. ამბობს, რომ მომავალ წელს შესაძლოა ხელობის დაუფლების მიზნით, ბაქოში გაემგზავროს.

„ მინდა „ელექტრიკი“ გამოვიდე, სასწავლებლად ბაქოში უნდა წავიდე და იქ ხელოსანთან გავიარო კურსები. ქართული კი ვიცი, მაგრამ საქართველოში მაინც გამიჭირდება სწავლა, შეიძლება რაღაც სიტყვები ვერ გავიგო.“

როგორც კიას აბუზაროვი ამბობს, დირექცია პროფესიული განათლების შესახებ ბავშვებს ინფორმაციას აწვდის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მშობლების დაინტერესება მოხდეს.

განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლება არ არის პრესტიჟული და სწორედ ამიტომ, უმრავლესობას უნდა, რომ სწავლების უმაღლეს საფეხურზეც გადავიდეს. ამას იწვევს ეკონომიკაც, რადგან სამუშაო ადგილები ცოტაა და დამსაქმებლებს სურთ, მაღალი კვალიფაკაციის კადრი შეარჩიონ.

„ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ სკოლის პარალელურად, პროფესიული განათლების მიღება შეუძლებელია. მოსწავლე ან სკოლას ამთავრებს და მერე ეუფლება პროფესიულ განათლებას, ან სკოლას ტოვებს და იღებს პროფესიულ განათლებას.
ასევე, პროფესიული განათლების ცენტრები არ არსებობს ყველა მუნიციპალიტეტში, ეს ნიშნავს, რომ მოსწავლის ხარჯები იმატებს. შეიძლება, ვისაც უფრო მეტად აინტერესებს პროფესიული განათლება, ყველაზე ნაკლები რესურსი ჰქონდეს მის მისაღებად. თუნდაც იმისთვის, რომ სხვაგან წავიდეს და იქ იცხოვროს. ცალკე საკითხია, პროფესიული სწავლება რამდენად ხარისხიან განათლებას აძლევს მოსწავლეს და რამდენად ახლოსაა დამსაქმებლის მოთხოვნებთან.“

სიმონ ჯანაშიას აზრით, პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებისთვის სამუშაოები ორი მიმართულებითაა ჩასატარებელი. „პირველი ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა მოხდეს პროფესიული პროგრამების ინტეგრირება, რათა არ გახდეს საჭირო რაღაც რთული გზების გავლა იმისთვის, ერთწლიანი ან ორწლიანი პროფესიული პროგრამების შემოღებისთვის. ასევე შეიძლება დაწესდეს პროფესიული ხარისხები, მაგალითად, საზღვარგარეთ არის პროფესიული მაგისტრატურა, ესეც მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ, სკოლებშიც მაქსიმალურად უნდა მოხდეს პროფესიული განათლების ინტეგრირება. პროფესიული განათლების ცენტრებში უნდა შემოვიდეს ასევე მოქნილი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და მათ შორის, დისტანციური, მაშინ უფრო მარტივი იქნება პრესტიჟის ამაღლება.“

განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტს დაახლოებით ორ თვეში წარუდგენს.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე ამბობს, რომ დღეისათვის არსებულ კანონში ძალიან ბევრი შემზღუდველი ნორმაა იმისათვის, რომ სხვადასხვა სოციალური თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებმა თანაბრად ისარგებლონ იმ სიკეთით, რაც შეიძლება პროფესიულმა განათლებამ მისცეთ.

„ჩვენს კანონმდებლობას, რომელიც განათლების სფეროს უკავშირდება, ფაქტობრივად, ჩიხში შევყავართ, ის არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანი ერთი სფეროდან ძალიან მოქნილად გადავიდეს მეორე სფეროში, ან თუნდაც, მოახდინოს კრედიტების აღიარება და ჩათვლა განათლების შემდგომ საფეხურზე.
ამ ხარვეზს ახალი კანონი გამოასწორებს. იგი უქმნის საფუძველს კვალიფიკაციების ახალი ევროპული ჩარჩოს დამტკიცებას. პროფესიულ განათლებაში 9 კლასის საფუძველზე შესულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიული განათლების პარალელურად, დაეუფლონ სრულ ზოგად განათლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში ინტეგრირებული იქნება სრული ზოგადი განათლების კურსი, რომლის დამთავრების შემდეგ, პირს შეეძლება სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების საფეხურზე. ეს იქნება ამ სისტემის ძალიან დიდი მიღწევა, რომ შემდგომ მოხდეს პროფესიულ განათლებაში დაგროვილი კრედიტების ტრანსფერი და სწავლის შედეგების ჩათვლა უმაღლესი განათლების ფარგლებში. კრედიტების ევროპული სისტემაც ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია და ახალი კანონი ამ საკითხსაც ძლიან კარგად დაარეგულირებს.“
განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო პილოტირების ეტაპი, რისთვისაც შეირჩა სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული 2 პროგრამა: მეხილეობა და მეცხოველეობა.

„პილოტირების პროცესს მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა, რომელიც თავისი პროექტებით ძირითადად ფოკუსირებულია სოფლის მეურნეობაზე. აღნიშნული პროგრამების პილოტირება მოხდება სამ კოლეჯში: ეს არის კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში არსებული საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“, მცხეთაში, კერძოდ, წინამძღვრიანთკარში მდებარე წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი და სენაკში არსებული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განყოფილება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავტესტოთ უკვე შემუშავებული მიდგომა რამდენად მოქნილია და რამდენად შესაძლებელია, რომ დიპლომი, რომელსაც ჩვენ გავცემთ, გაუთანაბრდეს სრული ზოგადი განათლების ატესტატს. ინტეგრირებული მოდულები უკვე შემუშავებულია, მასწავლებლები შერჩეულია, რომელთაც გავლილი აქვთ რამდენიმეეტაპიანი ტრენინგი. ვფიქრობთ, საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ, 2017 წელს ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, რომ პილოტირების ფარგლებში დავიწყოთ სწავლების პროცესი, განვახორციელოთ მონიტორინგი და შევაფასოთ შერჩეული მიდგომის ავკარგინობა.“

ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, უკვე შექმნილია ზოგადი განათლების ფარგლებში პროფესიული კომპეტენციების დაუფლების შესაძლებლობა. მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მოკლევადიანი საორიენტაციო კურსები კოლეჯებში. ამის შედეგად მათ გარკვევით ეცოდინებათ თუ რა პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა, თამარ სამხარაძის თმით, არის მუნიციპალიტეტები, სადაც კოლეჯები არ არსებობს, ამიტომ სკოლების ბაზაზე უნდა მოხდეს ამ ტიპის კურსების შეთავაზება.

„ერთია ასეთი მოკლევადიანი საორიენტაციო კურსები და მეორეა სრული საკვალიფიკაციო პროგრამა, რომელიც უნდა დასრულდეს დიპლომის მინიჭებით. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის სკოლამ გაიარა ავტორიზაცია და მიიღო უფლება, რომ სრული ზოგადი განათლების პარალელურად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც შესთავაზოს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს. მანამდე, არც ერთ სკოლას ასეთი სერვისის განხორციელების უფლება არ ჰქონია. ვფიქრობთ, ეს მაგალითი გახდება, ბევრი სკოლისთვის.“

როგორც თამარ სამხარაძე ამბობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ პროფესიული განათლება 2016 წლიდან უკვე ხელმისაწვდომი გახდა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც. წელს მოხდა ტესტების თარგმნა მათ ენებზე. აზერბაიჯანელ მოსწავლეს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს და კოლეჯში მისაღები ტესტირება ჩააბაროს აზერბაიჯანულ ენაზე, შემდეგ გაიაროს ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსი, რომელიც რამდენიმეთვიანია და თავად კოლეჯი სთავაზობს. „კოლეჯს აქვს ვალდებულება, ნებისმიერი რაოდენობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის, ერთიც რომ იყოს, უზრუნველყოს ენის სწავლების კურსი, რათა ამ კურსის დამთავრების შემდეგ, უმტკივნეულოდ გაგრძელდეს სწავლა პროფესიულ პროგრამაზე. ჩვენმა სისტემამ ამ ტიპის პირველი სტუდენტები წელს უკვე მიიღო.“

საზოგადოებრივ კოლეჯ აისში წელს საპილოტე პროგრამებზე უკვე ჩაირიცხა ორი აზერბაიჯანელი სტუდენტი. როგორც დირექტორი ნათელა პაპუნაშვილი ამბობს, ისინი სამი თვის მანძილზე სწავლობენ ქართულ ენას, რის შემდეგაც გააგრძელებენ სწავლას იმ პროგრამით, რომელიც მათ ამოირჩიეს.
„ამ ბავშვებს საკმაოდ კარგი შედეგი აქვთ. შემდგომ მიღებაზეც, თუკი აზერბაიჯანელები გადაწყვეტენ ჩვენთან სწავლას, მათაც ჯერ ქართულ ენას შევასწავლით და შემდეგ განაგრძობენ პროფესიის დაუფლებას დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად.
ჩვენ ვაკეთებთ პროფორიენტაციას და ყოველ მიღებაზე რამდენჯერმე ჩავდივართ აზერბაიჯანულ სოფლებში, როგორც სტუდენტები, ისე მასწავლებლები, ვაკრავთ საინფრმაციო ბარათებს და ვაცნობთ სასწავლებლის სპეციფიკას. ჩვენ გვყავს აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებმაც ასე თუ ისე იციან ქართული და არ არიან ჩართული ამ პროგრამაში, მაგრამ თუ მათ გაუჭირდებათ, აუცილებლად ჩაერთვებიან.“
კოლეჯში სწავლება ვაუჩერული დაფინანსების სისტემით ხორციელდება. აქვე ფუნქციონირებს 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ასევე უფასოა სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის.
რაც შეეხება კვებას, უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვისაა, რომლის ხარჯებსაც თავად სასწავლებელი ფარავს.

როგორ უნდა შექმნან სკოლებმა მინიკოლეჯები

როგორც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე ამბობს, კანონმდებლობა ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლებმა განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პირველ რიგში, უნდა განსაზღვრონ ის მიმართულებები, რომელიც მათი ინტერესის სფეროშია და რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარეობს.

„საინტერესოა, რა კონტექსტში ფუნქციონირებს სკოლა, მის ირგვლივ რა ბიზნესი ვითარდება, რაზე შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნა, რა ინტერესი შეიძლება გავუღვივოთ მოსწავლეებს. კარგი იქნებოდა, მშობლებთან და დამსაქმებლებთან კონსულტაციები, რაც დაეხმარეობდა დირექციას გამოეკვეთა ის კურსები, რომლის განხორციელებითაც უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ადგილობრივ შრომის ბაზარს და თავად მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიისადმი ინტერესის გამოვლენაში.“

მას შემდეგ, რაც კურსები გამოიკვეთება, სკოლის დირექციას შეუძლია ნებისმიერ დროს კონსულტაციისთვის მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. „ აუცილებელი არ არის სკოლამ შექმნას ძვირადღღირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუკი მათ ადგილზე ჰყავთ დამსაქმებელი, სადაც შეიძლება პრაქტიკული მეცადინეობები განხორციელდეს. ამისათვის საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება და შეთანხმება, რომ პროგრამის გარკვეული ნაწილი განხორციელდება სწორედ ამ დამსაქმებლის ბაზაზე და არა სკოლაში.“

ყველა ამ საკითხს შეისწავლიან ავტორიაზაციის ექსპერტები, ასევე გაეცნობიან ხელშეკრულების პირობებს, რომელიც სკოლას დამსაქმებელთან აქვს დადებული და ამის საფუძველზე გასცემენ ავტორიზაციას.
რაც შეეხება მოკლევადიან კურსებს, სმინისტროში განმარტავენ, რომ ამისათვის სკოლას არ სჭირდება ავტორიზაცია, მას უნდა ხელშეწყობა, რათა ადგილზე შექმნას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
2017 წლიდან განათლების სამინისტრო გეგმავს, გამოაცხადოს კონკურსი დაინტერესებული სკოლებისათვის და შეუქმნას მათ თუნდაც მინიმალური სასწავლო ბაზა, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სხვადასხვა კურსები გაიარონ. როგორც აღნიშნულ სტრუქტურაში განმარტავენ, სკოლებს შეუძლიათ მიმართონ სამინისტროს სხვადასხვა ინიციატივით და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა.

როგორ დავრეგისტრირდეთ კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში

კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრ „აისის“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის თამარ ლაზაშვილის თქმით, მათ სასწავლებელში სტუდენტების მიღება ხდება წელიწადში ორჯერ. ეს არის საგაზაფხულო რეგისტრაცია, რომელიც დაახლოებით თებერვლის ბოლოს ან მარტში ცხადდება (საგაზაფხულო რეგიტრაციის თარიღი იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი, რომელსაც ცენტრალიზებულად აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და საშემოდგომო რეგისტრაცია, რომელიც ცხადდება სექტემბერში.
ეთნიკური უმცირესობებისთვის მოდულური პროგრამის ფარგლებში უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ საკუთარ ენაზე, აზერბაიჯანულად, სომხურად და რუსულად (ეს სამი შესაძლებლობა გვაქვს), ჩააბარონ ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირება, რომელიც დაადგენს მათ შესაბამისობას შერჩეულ პროფესიასთან. გარდა ამისა, ეს ტესტირება არის სახელმწიფო გრანტის მიღების საფუძველი.

იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვოს, უნდა გადალახოს 25,01 %-იანი ბარიერი. თუ მსურველმა ეს ზღვარი ვერ გადალახა, ვერ მიიღებს სახელმწიფო გრანტს და სურვილის შემთხვევაში თავად იხდის სწავლების საფასურს. რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია პროგრამის ხანგრძლივობასა და იმ მასალაზე, რაც საჭიროა ამ პროგრამის სწავლებისთვის. მინიმალური თანხა განისაზღვრება 400 ლარით.

კოლეჯში სწავლება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს მინიმუმ 9 კლასის განათლება, ზედა ზღვარი კი არ არსებობს.
არასწრულწლოვნების შემთხვევაში, მათ უნდა ახლდეს ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და 2 ფოტოსურათი. ასევე საჭიროა განცხადება, რომელსაც ადგილზევე შეავსებენ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც კოლეჯში, ასევე საგანმანათლებლო რესურსენტრში.



სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
| Print |
FaceBook Twitter Google