განათლება
სკოლა, როგორც საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი - სიახლე განათლების სისტემაში
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება.

სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა განათლების ყველა დონეზე - ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ხარისხის ამაღლებას ემსახურება, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განაცხადა, დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან და ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ.
„პირველადი მონაცემებით, სიახლე გულისხმობს, რომ გაკვეთილების შემდეგ სკოლა არ უნდა დაიკეტოს. იქ ახალგაზრდობამ უნდა მოახდინოს თავისი უნარების რეალიზაცია ლიტერატურის და სპორტის სფეროში, ასევე ტექნიკური მიმართულებით. ჩვენ ამის გამოცდილება რამდენიმე სკოლაში უკვე გვაქვს. მაგალითად, კალაურის სკოლის დარბაზში არის ჭიდაობის წრე, ასევე მელაანის და ვაზისუბნის სკოლის მოედანს უფასო ფეხბურთის წრეებისთვის იყენებენ. მათგან ოფიციალური მომართვა გვქონდა. ასევე წელს ვორდვიჟენში ჩვენმა სკოლებმა ოთხი პროექტი წარადგინეს და ორი დაფინანსდა. აქედან გამომდინარე, ვაჩნაძიანის და შაშიანის სკოლაში გაკვეთილების შემდეგ იკრიბებიან აქტიური ბავშვები და პროექტზე მუშაობენ. ასე რომ, სკოლა, როგორც კულტურის ცენტრი, ამის ჩანასახი ჩვენთან უკვე არსებობს და მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.“

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან გეგმაც შედგება, რის მიხედვითაც ყველა სკოლა იმოქმედებს.



| Print |
FaceBook Twitter Google