განათლება
გურჯაანში საატესტატო გამოცდაზე სამოცამდე მოსწავლე ჩაიჭრა
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. ისინი გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2 საატესტატო გამოცდის შედეგი ცნობილია. მოსწავლეებმა ,,კატის“ გამოცდა ქართულ ენა-ლიტერატურასა და უცხო ენაში უკვე ჩააბარეს.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, 486 მეთორმეტე კლასელიდან ქართულ ენასა და ლიტერატურაში ექვსი, ხოლო უცხო ენაში 25-ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.
„ქართულის გამოცდა 20 მაისს ჩატარდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ექვსი მეთორმეტე კლასელი ჩაიჭრა. რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ ჩააბარეს და ერთხელ კიდევ გამოსცადეს თავისი შესაძლებლობები, ოთხმა მათგანმა ბარიერი კვლავაც ვერ გადალახა. რაც შეეხება უცხო ენას, რომელიც გუშინ ჩატარდა, აქ უფრო ცუდი შედეგია. კერძოდ, 25-ზე მეტი მოქმედი მოსწავლე ჩაიჭრა, სკოლიდან გასული ბავშვებიდან კი ოცზე მეტი იყო წარუმატებელი. “
დღეს მოსწავლეები გამოცდას ისტორიაში, ხოლო ხვალ მათემატიკაში ჩააბარებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google