განათლება
იორმუღანლოს სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი სამართლებრივ დავას იწყებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მოსწავლის ცემაში ბრალდებული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა გურგენიძე კი, რომელიც თავის დროზე სამეურვეო სააბჭომ გაამართლა, სკოლის დირექტორის ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლდა.

პედაგოგი აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი რესურცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის მხირდან არის მართული. გათავისუფლებული მასწავლებელი სამართლებრივი დავის დაწყებას და იმის დამტკიცებას აპირებს, რომ მოსწავლე არ უცემია.

-„დირექტორმა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებასა და გენინსპექციიდან მოსულ დადგენილებაზე დაყრდნობით გამათავისუფლა. გენინსპექციიდან ჩემი გათავისუფლების კი არა, სამეურვეო საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება მოვიდა. ასე გაბათილდა სამეურვეო საბჭოს ის დადგენილება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მე მოსწავლე არ მიცემია. ძალაში დარჩა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელმაც ჩემს გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. დისციპლინური კომიტეტის ოქმში წერია, რომ ექვსი წევრიდან ყველამ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა. შემდეგ, რეალურად აღმოჩნდა, რომ ორ მშობელს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრი არავის აინტერესებს, როგორც ვატყობ სამინისტროშიც რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხარდამჭრები არიან. სკოლა დამოუკიდებელი ორგანოა, მაინტერესებს, რატომ მოითხოვა დისციპლინური კომიტეტის ოქმი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და რატომ გაეცნო?! რატომ ერევიან გარეშე პირები სკოლის შიდა სამზარეულოში?! ამ შემთხვევაში რესურცენტრის ხელმძღვანელს ვგულისხმობ, რომელიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.“- ამბობს თეა გურგენიძე.

საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე აღნიშნულ პროცესში ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს.

-„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ კანონმდებლობის თანახმად, რესურსცენტრი სკოლის გადაწყვეტილებაში, კადრის მიღება-გაშვებაში არ ერევა. პიროვნება საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით რესურსცენტრს დაადანაშაულებს, თუ კიდევ სხვა ვინმეს, ეს მისი გადაასაწყვეტია. ჩემი მხირდან მსგავსი რამ არ მომხდარა.“- განაცხადა მან.

როგორც თეა გურგენიძე ამბობს, მომავალი კვირიდან მოსწავლეები და მათი მშობლები საჯარო სკოლასთან აქციების დაწყებას აპირებენ.

-„ჩემს გათავისუფლებას მოსწავლეები და მშობლები აპროტესტებენ, გუშინწინ სკოლაში ბავშები არ გაუშვეს. მშობლებმა თქვეს, რომ უნდა შეიკრიბნენ ორშაბათს, კარავი გაშალონ სკოლის მიმდებარე ტერტორიაზე და მათი შვილები სწავლას იქ გააგრძელებენ. გუშინ დირექტორის მოადგილე როვშან ადგუზალოვმა ჩამოაუარა სათითაოდ ყველას, დააშინა, თუ ბავშვები სკოლაში არ გამოცხადდებიან, გავრიცხავთო. მე თუ დავარღვიე ბავშვის უფლება, ეს არ არის დარღვევა დირექტორის მოადგილის მხრიდან? “ - ამბობს speqtri.ge-სთან თეა გურგენიძე.

აუკრძალა თუ არა აქციის მოწყობა მშობლებსა და მოსწავლეებს დირექტორის მოადგილემ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, როვშან ადგუზალოვს დავუკაშირდით, თუმცა მან შუა საუბრის დროს ტელეფონი გაგვითიშა და გვითხრა მოგვიანებით დაგვერეკა.

როგორც იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვაგიფ ახმედოვი გვეუბნება, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ძალაში დატოვა დისციპლინური კომიტეტის ოქმი, რომელიც თეა გურგენიძის მიერ მოსწავლეზე ძალადობის ფაქტს ადგენდა და რომლის მიხედვითაც ის უნდა გათავისუფლებულიყო. სკოლიდან მისი გაშვების საკითხიც ამ დოკუმენტის მიხედვით გადაწყდა.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში სდებდნენ ბრალს. პედაგოგი კი ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს და აცხადებს, რომ მოსწავლეზე არ უძალადია.

ამავე თემაზე:
მოსწავლის ცემაში ბრალდებული პედაგოგი საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს უპირისპირდება

მოსწავლის ცემაში ბრალდებული პედაგოგის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი შეისწავლის

| Print |
FaceBook Twitter Google