განათლება
სკოლებში მანდატურის ეთიკის ნორმები განისაზღვრა
განათლების მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები დამტკიცდა.


ბრძანების საფუძველზე სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურისთვი ვალდებულებები განისაზღვრა. მათ შორის არის ქცევის ნორმები, რომელიც შემდეგ ვალდებულებებს მოიცავს:

მანდატურის ქცევის ნორმები
1. მანდატური თავის საქმიანობაში უნდა ეყრდნობოდეს პროფესიონალიზმს და ეთიკის ნორმებს, იგი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს თავის მოქმედებას, გრძნობებსა და ემოციებს.
2. მანდატური უნდა იყოს თავაზიანი და ობიექტური ყველას მიმართ, მიუხედავად მათი ასაკობრივი თუ სოციალური სტატუსისა.
3. მანდატური მუდმივად უნდა იმაღლებდეს პროფესიულ უნარ-ჩვევებს და კვალიფიკაციას.
4. მანდატურმა სამსახურებრივი მოვალეობა ყოველთვის უნდა შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, კანონის ფარგლებში, დაიცვას სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა. პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, თავისუფლება და ღირსება.
5. მანდატური არ ეწევა რელიგიურ ან პოლიტიკურ პროპაგანდას სკოლაში, იცავს კონფიდენციალობას, პუნქტუალურია – დროულად ცხადდება სამსახურში, ეფექტურად იყენებს სამუშაო დროს და არ იყენებს სტატუსს პირადი პრივილეგიებისთვის.

6. მანდატურს ეკრძალება:
ა) ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, თანამშრომლის, პედაგოგის, მოსწავლისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის, მანდატურის სამსახურის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად მისი ჩადენის ადგილისა;
ბ) სამსახურში მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ტანსაცმლის გარეშე გამოცხადება ან ფორმის მთლიანობის დარღვევა;
გ) სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა, დაგირავება ან პირადი მიზნებისთვის გამოყენება;
დ) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მასზე გადაცემული ფორმის ტანსაცმლის, ეკიპირების, აღჭურვილობის და სპეციალური საშუალებების სხვა პირისთვის გადაცემა ან გასხვისება;
ე) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მასზე გადაცემული მატერიალური ფასეულობების დაკარგვა ან ბრალეულად დაზიანება;
ვ) სამსახურის თვითნებური მიტოვება;
ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას იმყოფებოდეს ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ;
თ) საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ფორმის ტანსაცმლით ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა ფორმის ტანსაცმლით;
ი) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას თამბაქოს მოწევა;
კ) ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესვლა, არასამსახურებრივი მიზნით;
ლ) ცინიკური გამონათქვამები, ჟარგონებით საუბარი და სხვათა პატივისა და ღირსების შელახვა;
მ) მანდატურის სამსახურისათვის ან/და სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა.

7. მანდატური ვალდებულია ითანამშრომლოს მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მათთვის ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
მანდატურის ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან
1. მანდატურის ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან დამყარებული უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის პრინციპზე.
2. მანდატური მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, პიროვნებისადმი პატივისცემის, დისციპლინის, ქცევის, ნებისყოფისა და სიძნელეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.
3. მანდატური პატივისცემით ეპყრობა მასწავლებელს, სკოლის დირექციას და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.
4. მანდატური მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა იყოს გაწონასწორებული, არ ახდენდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსწავლეებზე, უნდა შეეძლოს კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და მათი განმუხტვა.
მანდატურის პირადი ჰიგიენა
1. მანდატური უნდა ატარებდეს მინისტრის მიერ დამტკიცებულ ფორმის ტანსაცმელს.
2. მანდატური უნდა ზრუნავდეს ფორმის ტანსაცმლის სისუფთავეზე, პირად ჰიგიენაზე და არ უნდა გამოიყურებოდეს შეუსაბამოდ.


| Print |
FaceBook Twitter Google