განათლება
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ნაწილისთვის ზოგადი უნარების გამოცდა მოიხსნა
განათლების სამინისტრომ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ახალი რეგულაცია აამოქმედა.


მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ იმ პირებზე გავრცელდება, რომლებმაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სწავლის უფლება უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს.

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის გამოცდის ჩაბარების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ეს გამონაკლისია და ამ გამონაკლისის მთავარი საფუძველი თანაბარი პირობებისა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა გახდა”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით სწავლის გაგრძელებას საქართველოში სტუდენტები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს სტუდენტის მხრიდან საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მზაობისათვის მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას.



| Print |
FaceBook Twitter Google