განათლება
2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2019 წლისთვის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად , ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.



მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge ელექტრონულად უნდა გაიარონ.
ელექტრონული რეგისტრაციის გასავლელად ერთი საგნისთვის გამოცდაში მონაწილეობის საფასური ათი ლარია.
თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პირველ, ძირითად ეტაპზე შესაძლებელია პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა;


გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
• ცენტრის ვებგვერდიდან – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
• 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს;
• აბიტურიენტს 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა;
• რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.

მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.


შეგახსენებთ რომ, 2019 წელს ცვლილება შეეხო ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს. აღნიშნული საგნებისთვის წელს განსხვავებული საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულები განისაზღვრა. თუმცა მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.







| Print |
FaceBook Twitter Google