განათლება
საჯარო სკოლებში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე საჯარო სკოლებში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.


რეფორმის ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულიდან, განათლების სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დოკუმენტი - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში და რომლის საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები. უსაფრთხოების წესის მიხედვით, თითოეულ სკოლაში ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ერთგვარი საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. შეიქმნება ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.


ასევე დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს მანდატურისა და უფლებამოსილი პირის მიერ უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებისა და განცალკევების განხორციელების, ასევე, მანდატურის მიერ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ადმინისტრირების წესებს.
2020 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდება ვიდეოსათვალთვალო სისტემა და მთლიანად იქნება ათვისებული მომეტებული რისკის შემცველი ადგილები, რაც, თავისთავად, სკოლის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.



| Print |
FaceBook Twitter Google