განათლება
სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ - საგარეჯოს სკოლასაც ექნება
სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასის მოსწავლეები, 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან.


განათლების რეფორმის ფარგლებში, შერჩეულია 3 საჯარო და ასევე 2 კერძო სკოლა სადაც მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელოთი დაეუფლებიან. წიგნით სწავლება ქალაქ საგარეჯოს მე-2, ქალაქ რუსთვის მე-4 და თბილისის 71-ე საჯარო სკოლებში კლუბებში, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში სასწავლო გეგმის ფარგლებში განხორციელდება.


ახალი სახელმძღვანელოს შემოტანაზე პირველად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 23 იანვარს, განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული პრეზენტაციისას განაცხადა, სადაც სკოლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. „გამარჯობა რუბი“ - არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.

„გამარჯობა რუბის“ წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათშორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად,ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით, ნიუ იორკის სკოლებში კი დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწორედ ამ წიგნებით სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google