განათლება
სკოლისკენ გზა დაულოცეს [Photos]
ლაღი და ჰაეროვანი მუსიკის ჰანგები იღვრებოდა N2 ბაგა-ბაღის 5-6 წლიანთა სასკოლო მზაობის ჯგუფ „გვირილებში“ (დირექტორი მანანა ტოკლიკიშვილი, მეთოდისტი ნათელა თამაზაშვილი, მასწავლებლები: მარინა ხიჟჩენკო-ჯორკოშვილი, ელზა ბენაშვილი, ძიძა -მერი მოსეშვილი. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა აზა ლაპიაშვილმა).

ყველა უჩვეულოდ ფუსფუსებდა, ემზადებოდა, ღელავდა...

ლამაზად მორთულ დარბაზში, ცეკვა-ცეკვით შესრიალდნენ „ყვითელგულა“ ბავშვები, რომლებმაც ბოლოჯერ იცეკვეს და იმღერეს მშობლიური ბაღის კედლებში, აღსაზრდელების რანგში. სექტემბრიდან ისინი სკოლაში გადაინაცვლებენ და მერხებს მიუსხდებიან. დღეს სევდანარევი განწყობა სუფევდა ბაღში. მასწავლებლებთან ერთად აღზრდილებიც გრძნობდნენ ამას. ნოსტალგიური განწყობა შეჰპარვოდა მათ რეპერტუარსაც. ბიჭუნების გუნდმა შეასრულა სიმღერა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ „ბაღის აივნებს ყოველთვის მოეფერებიან“...

ბაღის დირექტორი მანანა ტოკლიკიშვილი და მასწავლებელი მარინა ჯორკოშვილი ცრემლნარევი თვალებით და ამაღელვებელი სიტყვებით გამოეთხოვნენ თავიანთ აღზრდილებს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
ღონისძიების დასასრულს, წითელი ხალიჩის ფონზე, მასწავლებელმა მარინა ჯორკოშვილმა საზეიმოდ გახსნა 5-6 წლიანთა ჯგუფ „გვირილების“ ვარსკვლავი, ყველა მომავალ პირველკლასელს გადასცა სამახსოვრო ფოტოალბომი და დაულოცა სკოლისკენ მიმავალი გზა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, სტუმრები სააღმზრდელო ცენტრიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი თამარ თამაზაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google