განათლება
თელავის საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტების დაახლოებით 7% არ გამოცხადდა
აბიტურიენტებმა დღეს უცხო ენის გამოცდა ჩააბარებს. კახეთის ერთადერთ საგამოცდო ცენტრში, რომელიც ქალაქ თელავის #8 სკოლაშია გახსნილი, დარეგისტრირებული 800-მდე აბიტურიენტიდან დაახლოებით 7% არ გამოცხადდა.
აბიტურიენტები ამბობენ, რომ საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი.

-„გარემო კარგი იყო, კონდიციონერები მშვენივრად მუშაობს. ტესტირება რთული არ აღმოჩნდა, თუმცა ესე არ მომეწონა. ბევრი რამის თქმის შესაძლებლობა არ გვქონდა. ვფიქრობ, თუ მოსწავლე კარგად სწავლობს სკოლაში, მას რეპეტიტორთან სიარულის გარეშეც შეუძლია უცხო ენის გამოცდის ჩაბარება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს,“ - ამბობს მარიამ ელიზბარაშვილი.

მირიან მამუკელაშვილი მომავალი იურისტია. მისი შეფასებით, ყველაზე რთული უცხო ენის გამოცდაზე ესეს დაწერა აღმოჩნდა.
-„ძნელი ნამდვილად არ ყოფილა, მთავარია ცოდნა ჰქონდეს აბიტურიენტს. ესეს დაწერა ცოტა გამიჭირდა, თუმცა მაინც დავძლიე. ჩემი აზრით, მასწავლებელთან სიარულის გარეშეც შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩაბარება.“

ცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში გადანაწილდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google